26-06-2020
განათლების სისტემა პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანური კაპიტალის ხარისხთან. ადამიანური კაპიტალის ხარისხი პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის როგორც ეკონომიკის შემდგომ განვითარებასთან, ისე ყველა სფეროს განვითარებასთან. ეს უბრალოდ, არის გამოწვევა ჩვენი ახალგაზრდებისა, ღირსეული გლობალური კონკურენციისთვის მომზადებული ახალგაზრდების მომზადებისთვის და ამ მიმართულებით ესაა უკიდურესად მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელე იყოს მაღალი კომპეტენციის.
„მაღალი კომპეტენციის საჯარო მოხელე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და განათლების სისტემამ უნდა დაფაროს ყველა ის მიმართულება, რომლისთვისაც ქვეყანას სჭირდება შემდგომი განვითარება. დღეს საქართველოს განვითარების ეტაპიდან გამომდინარე მზად უნდა ვიყოთ, რომ შემდგომი 10, შეიძლება 15 წელიც ქვეყანა მუდმივი რეფორმირების პროცესში უნდა იყოს სხვადასხვა მიმართულებით, გასაძლიერებელია ინსტიტუტები, მუდმივი რეფორმებია გასატარებელი როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის, სოციალური დახმარების, ბევრი სხვა მიმართულებით და რეფორმირების ძირითადი მიზანი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად სწრაფად დავუახლოვოთ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, სხვადასხვა განზომილებაში, იმ ევროპულ სტანდარტებს, რომელიც არის ჩვენი ძირითადი ფასეულობები და რომლისკენაც მივდივართ, რომ გვქონდეს ყველანაირი შესაძლებლობა, უფრო დაჟინებით, უფრო დასაბუთებულად, ეფექტურად და სწრაფად მოვითხოვოთ სრულფასოვანი წევრობა იმ ევროპულ ოჯახში, რომელიც ჩვენი მოქალაქეების საბოლოო მიზანია,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.