26-06-2020
ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიებები მიმართულია იქით, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, შესაბამისად ამოცანა #1 არის, რომ არ გაგვიჩნდეს უმუშევარი ადამიანი, რომელსაც არ უნდა დასჭირდეს სოციალური დახმარებისთვის მიმართვა, თუმცა მსგავსი რამ გამორიცხული არ არის და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ასეთი შემთხვევებიც გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატ რომან კაკულიას მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სოციალური დახმარების მიზნობრიობის და კრიტერიუმების დამუშავების გადახედვის პროცესი, სისტემის რეფორმა უკვე დაწყებულია, თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი რეფორმა.
„ამიტომ, პანდემიისას დახმარების მიმღებთა ქულების რაოდენობა 65 ათასიდან 100 ათას ქულამდე გავზარდეთ. ეს არის ის შუალედური გარდამავალი მომენტი, რომელიც ახლა დააზღვევს იმ ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის გამო დაკარგეს სამსახური და ახლა იძულებული არიან, სოციალური დახმარებისთვის სახელმწიფოს მიმართონ. თუმცა, ეს არის დროებითი. სოციალური დახმარების სისტემა, როგორც ქულების, ასევე მიზნობრიობის და აღრიცხვის ნაწილში გეთანხმებით, რომ გადასახედია და ჯანდაცვის სამინისტრო ამ რეფორმას ამზადებს“, - აღნიშნა პრემიერმა.