26-06-2020
დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს არის ის საკონსტიტუციო პროცესი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც ამ პარლამენტში მიმდინარეობს, 2 მოსმენით უკვე გავლილია, ორშაბათს იქნება მე-3 მოსმენა. მე მინდა, მარტივად დავასრულო ეს გამოსვლა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, საქართველოში, როგორც ფაქტი, არის საპარლამენტო დემოკრატია, უფრო მეტიც, ორშაბათს ჩატარდება კენჭისყრა და ეს იქნება საპარლამენტო დემოკრატია, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო დემოკრატია, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზეა დაფუძნებული, პირველ რიგში, მოითხოვს, აბსოლუტურად ეფექტურ და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს. მანვე მადლობა გადაუხადა თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელმაც სამთავრობო პროგრამის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.
„საპარლამენტო დემოკრატია, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზეა დაფუძნებული, პირველ რიგში, მოითხოვს, აბსოლუტურად ეფექტურ და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო სექტორს. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც ქვეყნის შემდგომი განვითარება ასეთ პოლიტიკურ სისტემაში იქნება უბრალოდ შეუძლებელი. ამიტომ , მინდა თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელმაც მიიღო სამთავრობო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა გადავუხადო მადლობა, მოვუწოდო მათ, რომ ვიყოთ კიდევ უფრო ეფექტურები მომავალი წლების განმავლობაში და მინდა, გავამხნევო ისინი და ვუთხრა, რომ არ არის არაფერი იმაზე უფრო დიდი მსახურება, ვიდრე ღირსეულად, სამართლიანად ემსახურო შენი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას, მის ინტერესებს, უსაფრთხოებას, განვითარებას და საბოლოო ჯამში, გააკეთო ყველაფერი, რომ ეს ქვეყანა - განვითარებული დემოკრატია ძლიერი ეკონომიკით, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი,“- განაცხადა პრემიერმა.