26-06-2020
რაც არ უნდა შეფასებები არსებობდეს, სუბიექტური, ობიექტური, მიკერძოებული თუ ასე შემდეგ, 20 ივნისის საბოლოო შეფასება იქნება ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების შეფასება, რომლებიც, მერწმუნეთ, ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში შეაფასებენ, როგორც სამართალდამცავი სისტემის მიერ პარლამენტზე შტურმის აღკვეთად. ამას სჭირდება შეიძლება რაღაც დრო, მაგრამ ეს შეფასება დღესაც ასეა, თქვენ არ ნებდებით უბრალოდ, რაღაც თქვენი წარმოდგენები გაქვთ, მაგრამ, საბოლოოდ ასე იქნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, 20 ივნისის თემაზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გავრილოვის მოხვედრა პარლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, რომლის ფასიც პოლიტიკურმა ძალამ გადაიხადა. თუმცა, პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ამასაც თავისი ფასი ექნება.
„რა თქმა უნდა, გავრილოვი ამ შენობაში და ამ სავარძელში, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაულიც. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური განზომილება, რაზეც პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო, პოლიტიკური ფასი გადაიხადა და თუ კიდევ რაიმე დარჩა გადასახდელი, აგერ არჩევნები იქნება და ჩვენი მოქალაქე მოთხოვს. მაგრამ, როდესაც პოლიტიკოსები, ბევრნი აქ სხედხართ, ორგანიზებას თუ არ უწევდნენ, პირდაპირ ბრალდებას არ გავაკეთებ, მაგრამ გვერდით იდგნენ და უყურებდნენ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ამ პროტესტის დროს, რომელიც მშვიდობიანი გახდა ძალადობრივი, ბატონი ბოკერია, კარგად მახსოვს მისი სახე, ბატონი რატიანი და არ მიუთითებდნენ იმას, რომ ეს არის დანაშაული, შესაბამისად, პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტში შეჭრა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, მეგობრებო და ამიტომ ამას შესაბამისი ფასი ექნება. ერთი რამე გაითვალისწინეთ, თქვენ აქ შეგიძლიათ რამდენიც გინდათ იმდენი იყვიროთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იქნება შემთხვევა, როდესაც ქართველმა პოლიციამ შტურმით შეჭრა შენობაში, პარლამენტში, არ დაუშვა, იმიტომ რომ ეს მისი მოვალეობა იყო, ეს იყო მისი პირდაპირი ფუნქცია. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რომ ადამიანები დაშავდნენ, უკიდურესად სამწუხაროა და არავინ ისე ამაზე არ წუხს, თქვენ გგონიათ, რომ თქვენ უფრო მეტად წუხხართ. იცით რატომ არ წუხხართ თქვენ უფრო მეტად? იმიტომ, რომ თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ და მე არ ვიყენებ. მე მაკო გომურის სახელს აი ასე, თქვენ დღეში ასჯერ რომ ასახელებთ, არ ვიყენებ და ეს არის ჩვენს შორის განსხვავება, ეს არის მორალური სხვაობა თქვენს და ჩემს შორის და ეს კარგად. დაიმახსოვრეთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.