26-06-2020
2012 წელს შეიცვალა ვითარება, მთავარი ძალა გახდა ქართული ოცნება და თუ გაიხსენებთ, ბიძინა ივანიშვილის გზავნილი იყო - ჩვენ ამ ხალხს ისე კი არ უნდა მოვექცეთ რისი ღირსებიც არიან, არამედ ისე მოვექცეთ როგორც ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და ჩვენი სამშობლო იმსახურებსო, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ყოფილი თანაპარტიელების ბრალდების საპასუხოდ, რომელთა განცხადებითაც იმის ნაცვლად რომ ნაცმოძრაობა გაესამართლებინათ, ქართულმა ოცნებამ იგი მთავარ ოპოზიციურ ძალად აღიარა.
მისი თქმით, კარგი იქნება თუ კი ყოფილი თანაგუნდელები გაიხსენებენ, რომ თვითონ არც თუ ისე დიდი ხანია რაც დატოვეს ქართული ოცნება და ამიტომ მათგან კრიტიკა მიუღებელია.
„დიდი ხანი არ არის რაც გასულები ხართ, სულ რაღაც 6 თვეა და ისე ლაპარაკობთ, გეგონება ეს 8 წელი და 7 წელი ჩვენთან ერთად არ იყავით. გედი ფოფხაძე მე მეუბნება, არა და ის უფრო მეტი ხანი იყო ქართულ ოცნებაში, ვიდრე მე და ჩემზე და იმ ადამიანებზე აპელირებს, ვინც ახალი მოსულები ვართ, ისე ლაპარაკობენ, თითქოს სხვა გუნდის წევრები იყვნენ, თითქოს სხვა რეალობაში ცხოვრობდნენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა და კოლეგებს ელემენტარული პატივისცემის გამოჩენისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, კრიტიკას არავინ არავის უშლის, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც პარლამენტი, მათ შორის მისი კომიტეტი მუშაობს და რომლებიც განვითარებაზეა ორიენტირებული.
„თუმცა ვეთანხმები ბატონ გიორგის, რომ ვერანაირად ვერ დავაყენეთ ამ პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად საქმიანი, შინაარსობრივი გარჩევები სხვადასხვა სფეროს მიმართულებით. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც მართლა აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა ოპოზიციას ეს არ აღელვებს. როგორც იქნა ბოიკოტის შემდეგ, დღეს გამოჩნდა ხათუნა გოგორიშვილი და დეკლარაციაზე გველაპარაკა ორი საათი. წარმოუდგენელია, სხვა სალაპარაკო ვერაფერი ნახა, ანგარიშში საერთოდ ნახსენები რომ არ არის დეკლარაცია. ნეტა მაშინ ეკითხა დეკლარაციები მის გვერდზე უცებ მილიონერები და მილიარდელები რომ გაჩნდნენ. სამწუხაროდ, ალბათ ვერც მოესწრება რომ ამ გზას დავადგეთ და ანგარიშის შინაარსობრივ განხილვაზე გადავიდეთ და, ასე ვთქვათ, საგნობრივი კამათი გავმართოთ პარლამენტში. ქალბატონო ლელა, თქვენც მოგმართავთ, ვის ბოდიშზე საუბრობთ, კარგი ჩვენ მოგვწამლეთ, მაგრამ ეს ამდენი სტაფი რომ იყო აქ პარლამენტში, ნეტა მაგაზე გეფიქრათ რომ შემოხვედით და ჩუმად დაასხით საწამლავი და მერე გახვედით. არ გრცხვენიათ? ოჯახის ქალი ბრძანდებით და შვილები გყავთ, არ გრცხვენიათ, რაც გააკეთეთ?“, - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.