26-06-2020
ჩემთვის, ჩემი ოჯახის, ჩემს მეუღლესთან ერთად, ფინანსური მდგომარეობა არის ჩემი თავისუფლების ხარისხი, მე ამას ყოველთვის ვაფასებდი და დავაფასებ. ეს ის თავისუფლების ხარისხია, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე ვიყო გადაწყვეტილების მირების პროცესში მაქსიმალურად თავისუფალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურის ფინანსურ დეკლარაციას შეეხებოდა.
პრემიერმა ხათუნა გოგორიშვილს კითხვის პასუხად მიმართა:
„ქალბატონო ხათუნა, თქვენ გიცნობდით ყოველთვის, როგორც დოკუმენტების დეტალურად შემსწავლელ ადამიანს. ჯერ ერთი, პირველი შემთხვევაა, მგონი, როდესაც საჯარო მოხელეს, ყოველ შემთხვევაში, თქვენი მხრიდან ეუბნებით, თუ რატომ გაასხვისეო. ადრე სულ პრობლემა იყო რატომ შეიძინეო, ახლა პრობლემა გახდა რატომ გაასხვისეო. შეაფასეთ თქვენ. ახლა გეტყვით, კონკრეტულად ორ თემას. ჯერ ერთი, არასოდეს ბინა, რომელიც თქვენ ახსენეთ ჩემზე გაფორმებული არ ყოფილა. ეს ბინა იყო ყოველთვის მამაჩემის. ეს ბინა იყო ჩემს დეკლარაციაში იმიტომ, რომ მაშინ მე ჩემს მშობლებთან ვცხოვრობდი. კიდევ ერთი რაღაც თქვით იქ, ეს იყო ჩემი მეუღლის მიერ გასხვისებული. ამ თემაზე საერთოდ რომ დაიხუროს საუბარი, მარტივ რამეს გეტყვით - არსებობს საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც დეტალურად იკვლევს, მოვხვდი შარშან, თუ გინდათ თქვენი ხათრით ახლა ჩემივე ნებით მოვხვდები და შეისწავლონ. ერთი რამ გაითვალისწინეთ, ჩემთვის, ჩემი ოჯახის, ჩემს მეუღლესთან ერთად, ფინანსური მდგომარეობა არის ჩემი თავისუფლების ხარისხი, მე ამას ყოველთვის ვაფასებდი და დავაფასებ. ეს ის თავისუფლების ხარისხია, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე ვიყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად თავისუფალი. ასეთი თავისუფლება, სამწუხაროდ, თქვენ არ გაქვთ და ამას რომ იგრძნობთ, მერე კარგი საჯარო მოხელეები გამოვა თქვენგან“-განაცხადა პრემიერმა.