28-06-2020
სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, სადაც ჟორჟოლიანმა 2006 წელს გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანისა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტები ერთმანეთს შეადარა.
ბოჟაძის განმარტებით, ნაცვლად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა ტრაგედიის გამო ბოდიშებს იხდიდეს, აგერ უკვე მერვე წელია ცდილობს თითქოსდა პარალელების გავლებას სხვადასხვა ტრაგედიებსა და თარიღებს შორის:
„ნაციონალური მოძრაობა", „გაქცეული პრეზიდენტი" და მათი ზონდერ-ჟურნალისტები, იმის მაგივრად რომ გირგვლიანის, რობაქიძის, 7 ნოემბერის, 26 მაისისა და სხვა უამრავი ტრაგედიის გამო ბოდიშებს იხდიდნენ, აგერ უკვე მერვე წელია ცდილობენ თითქოსდა პარალელების გავლებას სხვადასხვა ტრაგედიებსა და თარიღებს შორის. ახლა უკვე „მაჟორიტარობის კანდიდატის" მეუღლის შეკვეთით კუდის მიერ მოკლული გირგვლიანის საქმის შედარება (იხილეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება) შაქარაშვილის ტრაგედიასთან არის სამარცხვინო მცდელობა კიდევ ერთხელ არ აღიარო „ნაცმოძრაობის" სისტემური დანაშაული და დაანახო საზოგადოებას, რომ განა მხოლოდ არ ინანიებ ცოდვებს, არამედ (ღმერთმა და ამომრჩეველმა არ ქნას არასდროს) ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში მზად ხარ 100-ჯერ მეტი უბედურება დაატრიალო“, - აღნიშნავს ბოჟაძე.
ცნობისთვის, 19 ივნისს გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ხულიგნობას, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. 27 ივნისს შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალი წაუყენეს.
დღეს, 28 ივნისს, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მან 2006 წელს გარდაცვლილ სანდრო გირგვლიანისა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას პარალელი გაავლო. მოგვიანებით ტელეწამყვანმა პოსტი წაშალა.