29-06-2020
"დღევანდელი გადაწყვეტილებით საქართველომ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.
“საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
საზოგადოებას მოეხსენება, რომ 2018 წელს ჩვენ გავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენს მიერ დაწყებული დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაა, რომლითაც საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ, რომ მზად ვართ გავაძლიეროთ დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩავატაროთ კიდევ ერთი თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს და დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, ხოლო გაწეული ძალისხმევისთვის-ფასილიტატორ ელჩებს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, დღეიდან, პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე იწყებს მუშაობას.
„დღეიდან ჩვენ უკვე ვიწყებთ მუშაობას საარჩევნო კოდექსზე და უახლოესი ათი დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი ასევე მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც ეფუძნება ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მოცემულ რეკომენდაციებს.
ამით ხელისუფლება უზრუნველყოფს დემოკრატიულ, გამჭვირვალე და თავისუფალ საარჩევნო გარემოს, ისევე როგორც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.