29-06-2020
ხვალ, 30 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები, შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართავენ პრესკონფერენციას.
პროფკავშირების გაერთიანება, კატეგორიულად ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის ცვლილებებიდან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხების - მოულოდნელ და შეუთანხმებელ ამოგლეჯას. კოდექსის ცვლილებათა პირვანდელი პაკეტი, გაერთიანებისთვის მისაღები იყო, თუმცა სავარაუდოდ ბიზნესის ზეწოლით შეცვლილი ნორმები - გაერთიანების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
პროფკავშირების გაერთიანებისთვის მიუღებელია ცვლილებები არაერთ ნორმასთან მიმართებაში, მაგალითად როგორიცაა გაფიცვის უფლება, მინიმალური ხელფასი, აღსრულების მექანიზმი, დეკრეტული შვებულების და ანაზღაურების საკითხი.
პრესკონფერენცია გაიმართება პროფკავშირების გაერთიანების ცენტრალური ოფისის ეზოში, ღია სივრცეში. მის: ვაჟა-ფშაველას 1/43
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.