29-06-2020
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საქართველოს პარლამენტში მეორე სამუშაო შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრება.
გაბუნიას განცხადებით, არჩევნებზე ადამიანებს სპეციალურად დაწესებული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
„საკითხი შეეხება არჩევნებისთვის მომზადებას. როგორც მოგეხსენებათ იქნება გარკვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რეკომენდაციები რაც უნდა დავიცვათ, რომ ეპიდემიურად არჩევნები იყოს უსაფრთხო და ყველა მოქალაქეს უნდა მივცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ეს იქნება კარანტინში მყოფი პირი თუ ინფიცირებული,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი და კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების პირობები განიხილეს.
სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სამინისტროების, საპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად საპარლამენტო არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ამოცანის უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. შეხვედრას დაესწრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე.
შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო პროცესში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებსა და ეპიდ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს. იმსჯელეს კარანტინის ზონებში, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების ზომების დაცვისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოვალეობების შესახებ.
არჩევნების გამართვის შესახებ საბოლოოო პირობები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.