30-06-2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას თუ განვაგრძობთ, წესებს თუ დავიცავთ, მეორე ტალღა ძალიან შორს იქნება. მისივე თქმით, ვირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა, კორონავირუსს უჯრედში შეღწევა გაცილებით ადვილად შეუძლია, რის გამოც შესაძლოა ის მეტად გადამდები იყოს.
„ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნეს აქტივობები შემობრუნდა კორონა და ფართოდ გავრცელდა .თუ კორონასთან თანაცხოვრებას განვაგრძობთ, მეორე ტალღა იქნება ძალიან შორს, თუ არ განვაგრძობთ კორონასთან მიმართებით კარგად მოქცევას, მაშინ იქნება უფრო ახლოს. გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. სპაიკ-ცილა, ანუ ის გამოშვერილები, რომელიც კორონას აქვს და რითაც ეკვრის უჯრედს და შემდეგ მასში აღწევს, მოხდა ამის მუტაცია. გაუადვილდა უჯრედში შეღწევა, მარტივად რომ გითხრათ, ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც პირველად ჩინეთიდან წამოვიდა“, - განაცხადა იმნაძემ.