30-06-2020
„ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირთან, რომ საბოლოო სიაში, რომელიც გაერთიანების ყველა წევრთან იქნება შეთანხმებული, ჩვენ აუცილებლად ვიყოთ, რადგან ყველა კრიტერიუმით ჩვენ ვართ უსაფრთხო ქვეყანა. პირველი და განმსაზღვრელი კრიტერიუმი ამ სიაში მოხვედრისა ისაა, რომ უნდა იყო უსაფრთხო, ეპიდემიოლოგიურად კარგად მართული კეთილსაიმედო ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დადებითი მოლოდინი გვაქვს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, ასევე გრძელდება მუშაობა ევროკავშირთან უსაფრთხოების პროცედურებზე, რომლებიც, მისი თქმით, სავარაუდოდ, შემოღებული იქნება ევროკავშირის მიერ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კეთილსაიმედო და უსაფრთხო ქვეყნების სიის გამოქვეყნების შემდეგ.
„მთავარია, რომ ჩვენ ამ სიაში უნდა ვიყოთ. ევროკავშირის სიაში ყოფნა არის ჩვენი მუშაობის შედეგი. სწორედ იმიტომ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ სიაში ვიქნებით და გვაქვს ევროკავშირის ქვეყნების დადებითი დამოკიდებულება, რომ უსაფრთხო ქვეყანა ვართ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ყოველ ორ კვირაში ევროკავშირი უსაფრთხო ქვეყნების სიას გადახედავს. „თავდაპირველ ვერსიას შეიძლება რომელიმე ქვეყანა მოაკლდეს ან დაემატოს. ჩვენ იმ პირობით დავრჩებით ამ სიაში, თუკი კვლავინდებურად ეფექტურად დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ვიზიტორებს. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ამ გარემოების გათვალისწინებით იქნება მიღებული,“ - განაცხადა მინისტრმა.