ერთ-ერთი თეორიის თანახმად, როცა ვტირით, სხვები უფრო გვეხმარებიან. შესაბამისად, ცრემლები სხვებში ალტრუისტული ქცევის გამოსაღვიძებელი მექანიზმია.
მეორე თეორიის თანახმად, ტირილი ნდობის გამომხატველია, თანაც უპირობოსი და არაცნობიერის. ჩვენ შეგვიძლია, ყასიდად გავიღიმოთ ან მოვიღუშოთ, მაგრამ თითქმის ვერასოდეს ვტირით განზრახ. ცრემლები ემოციის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი გამოძახილია. ანუ ჩვენ ვტირით მასთან, ვისაც ვენდობით, ვინც ჩვენს სევდას გაიზიარებს.
ადამიანები ერთმანეთთან გაცილებით მეტად ვურთიერთობთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ცხოველი. ამ ურთიერთობის გასაღვივებლად ნდობის გამომხატველი ნიშნები გვჭირდება. გამოდის, რომ ტირილი სწორედ ასეთი ნიშანია, უკონტროლო და გულახდილი.
ტირილის გამაძლიერებელი ძალა
მოუხედავად იმისა, რომ ცრემლების შეკავებაზე უამრავ ენერგიას ვხარჯავთ, მოშვება და ემოციების გამოხატვა გაცილებით სასარგებლოა ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
1. ვმშვიდდებით
ტირილი გვეხმარება, გარეთ გამოვიტანოთ, რაც გვაწუხებს და დავწყარდეთ. ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ ტირილის მეშვეობით ადამიანები თავად იწყნარებენ თავს. გარდა ფსიქოლოგიური მიზეზებისა, ამ კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ტირილის დროს აქტიურდება პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რაც სხეულის მოდუნებას უწყობს ხელს.
2. ვუკავშირდებით სხვებს
ტირილი მხოლოდ თვითდამშვიდებას კი არ უწყობს ხელს, არამედ სხვებში საპასუხო რეაქციასაც აღძრავს, შესაბამისად, სხვები თანაგვიგრძნობენ და უკეთ ხვდებიან, რას განვიცდით. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ტირილი მთავარი იარაღია, რომლის დახმარებითაც ყალიბდება მიჯაჭვულობა მშობლებსა და შვილს შორის.
3. სუსტდება ტკივილი
კვლევებმა აჩვენა, რომ ტირილის დროს ჩვენს ტვინში ოქსიტოცინი და ენდორფინები გამოიყოფა. ეს ნივთიერებები ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლებია, შესაბამისად, ტირილის დროს არა მხოლოდ ფსიქიკური, არამედ ფიზიკური ტკივილიც სუსტდება.
4. მაღლდება გუნება-განწყობა
გინახავთ, ტირილის შემდეგ თვალცმრელიანი ღიმილი? ოქსიტოცინი და ენდორფინები, რომლებიც ტირილის დროს გამოიყოფა, გუნება-განწყობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
მოკლედ, ტირილი დაწყნარების, ემოციებისგან განმუხტვისა და სოციუმში არსებობის გზაა. და თუ ბევრს ვტირით, ეს არც სირცხვილია და არც სისუსტის ნიშანი, მაგრამ ნამდვილად მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ხდება და ნაცვლად იმისა, რომ მნიშვნელოვანი სიგნალები ჩავაქროთ, ცრემლები მოვიწმინდოთ და უგულებელვყოთ ის, რის გამოც ვტირით, ჯობს, მოვუსმინოთ ჩვენს სხეულს – რას გვეუბნება, რა აწუხებს, რაზე გლოვობს და რას განიცდის. ასე თუ შევძლებთ, გავერკვიოთ ჩვენს ემოციებში და საბოლოოდ დავძლიოთ ის, რაც ტირილის მიზეზია.