1-07-2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელთან კარლ ჰერცელთან.
შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში მგზავრობაზე დროებით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესახებ და ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ უსაფრთხო კატეგორიის 15 ქვეყანას შორის საქართველოს დასახელებას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ და ევროკავშირის წარმომადგენელმა განიხილეს ევროკავშირის რეკომენდაციების შემდგომი იმპლემენტაციის საკითხები. აღინიშნა, რომ დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და ამ ეტაპზე, წევრი სახელმწიფოების მხრიდან ხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც საზღვრის გახსნის, ისე საზღვარზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ აქტიური კოორდინაცია, როგორც ევროკავშირთან, ისე წევრ სახელმწიფოებთან საბჭოს რეკომენდაციების აღსრულების მიმართულებით.
„მივესალმებით და მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების - ეს არის მართლაც მკაფიო აღიარება იმ საქმიანობისა და იმ პროცესის, რომელიც გასწია საქართველოს ხელისუფლებამ COVID-19-თან ბრძოლის მიმართულებით. განვიხილეთ შემდგომ ეტაპზე, ორივე მხრიდან გადასადგმელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გამოიკვეთა, რომ წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურადაც მიიღებენ, როგორც უსაფრთხოს ქვეყნების სიასთან, ისე პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ აქტიური კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან - საჭიროა კოორდინირებულად ვიმოქმედოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ, თუ რა ფორმით და რა პროცედურების დაცვით მოხდება საზღვრების გახსნა.“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
თავის მხრივ, კარლ ჰერცელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება წარმოადგენს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს აღიარებას, რომელიც საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში, COVID-19-თან გამკლავების თვალსაზრისით გასწია. „ეს ნამდვილი აქტივია საქართველოსთვის, რომელსაც ის უნდა ეყრდნობოდეს, მაგრამ ამავდროულად, ცხადია, რომ ჩვენ ყველა მხრიდან მოვითხოვთ შემდგომ ინტენსიურ მუშაობას. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვიმუშავებთ სამინისტროსთან და სხვადასხვა უწყებებთან, რათა ვუზრუნველყოთ ამ პოტენციალის სრული რეალიზება. ვგულისხმობ მუშაობას როგორც აქ, საქართველოში, ისე ბრიუსელში, ევროკავშირის დონეზე და ცალკეულ წევრ სახელმწიფოებთან. ჩვენ დიდი სამუშაო გვაქვს გასაწევი, თუმცა საქართველოს ძალიან კარგი პოზიცია აქვს, საიდანაც უნდა დაიწყოს ეს პროცესი“ - განაცხადა ჰერცელმა.