3-07-2020
"სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი.
„სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, ადამიანის ტრაგედიები პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ. ეს თემა დავხურეთ. ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი. ბოლო კითხვა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზე სასწრაფოდ უნდა იყოს გაცემული პასუხი. მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს და ჩვენ ჩვენი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. შესაბამისად, უახლოეს საათებში და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. ეს არის მათი ვალდებულება და მოვალეობა და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.