გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი უკვე დავნერგეთ – თენგიზ ცერცვაძე

3-07-2020

საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობენ. – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის  ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ფორტუნასთან“ საუბრობს.

მისი თქმით, პლაზმა ორ უკიდურესად მძიმე პაციენტს გადაუსხეს და ორივე შემთხვევაში მკურნალობის ეს მეთოდი წარმატებული აღმოჩნდა.

 

„სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი უკვე დავნერგეთ. გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის პლაზმას ვაკეთებთ და ამით უკვე ორი ადამიანი გადავარჩინეთ. ორ უმძიმეს პაციენტს გადავუსხით უკვე, რომლებთანაც სხვა მკურნალობა ეფექტიანი არ იყო. ორივე გადარჩა.

 

ერთ-ერთი იყო 83 წლის ქალი ეკატერინე ლამაზიანი, რომელიც რეანიმაციაში იწვა და ფაქტობრივად განწირული იყო, ყველა სხვა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.

 

ეს პლაზმა გადავუსხით და 3-4 დღეში ვირუსი გაქრა და ის გადარჩა” – განაცხადა ცერცვაძემ.

 

მისი თქმით, უფრო ფართოდ ამ მეთოდს ვერ დანერგავენ, რადგან ამდენი დონორი ფიზიკურად არ არსებობს.

 

„უფრო ფართოდ მკურნალობის ამ მეთოდს ვერ გამოვიყენებთ, რადგან დონორი ცოტაა. ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა გადასასხმელად არ ვარგა, იმიტომ რომ ამ პაციენტს დამცავი ანტისხეულები უნდა ჰქონდეს მაღალ ტიპში. ყველას ასე არ აქვს.

 

ყველა გამოჯანმრთელებულს ვთავაზობთ პლაზმის გაღებას, ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს. ჩვენ რომ გავსინჯეთ, ყოველი 10 დონორში მხოლოდ ერთს აქვს იმდენი ანტისხეული, რაც საჭიროა სხვა პაციენტის განკურნებისთვის.

 

ამაზე ისედაც მიდის მსჯელობა როგორ იმუნიტეტს ტოვებს კორონა. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ის დონორები, რომლებსაც ვირუსმა მყარი იმუნიტეტი დაუტოვა. ასეთი ძალიან ცოტაა.

 

კიდევ ერთი შეზღუდვა ისაა, რომ ამ დონორს არ უნდა ჰქონდეს რაიმე თანმხლები დაავადებები, ონკოლოგიური დაავადება, გულის უკმარისობა, დიაბეტი.

 

ასეთი პლაზმის გამოყენება არ შეიძლება. ეს პლაზმა უნდა იყოს სუფთა, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს შიდსი, ჰეპატიტი, სიფილის. უნდა იყოს შესაბამისი ჯგუფის და რეზუსის,” – განაცხადა ცერცვაძემ.

 

ამ დროისთვის ბანკში 6-7 პლაზმაა, რომელსაც იმ პაციენტებთან გამოიყენებენ, რომლებთანაც მკურნალობის სხვა მეთოდები უშედეგო აღოჩნდება.

 

„ეს ყველაფერი რომ გაიცხრილა, სულ შევძელით 6-7 პლაზმის დამზადება, ამიტომ მასობრივად მას ვერ გამოვიყენებთ, თუმცა ჩვენს სტატისტიკას თუ შევხედავთ, ეს 6-7 არ არის ცოტა, ამდენივე ადამიანს გადაარჩენს.

 

ეს პლაზმა შეიძლება ცოტაა იტალიისთვის, აშშ-სთვის და სხვა ქვეყნებისთვის, მაგრამ საქართველოში სულ 15 კაცი გვყავს გარდაცვლილი, იმ 15 გარდაცვლილში 5 რომ გადაარჩინო უკვე მიღწევაა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 943 გახდა.

 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა და 821 გახდა.

 

კარანტინის რეჟიმშია 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 პირი.

 

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930