7-07-2020
თბილისში, სამგორის რაიონში, წმინდა ბარბარეს უბნის (ზე ემ კა) მოსახლეობა მოსკოვის პროსპექტის გადაკეტვას აპირებს.
ამის შესახებ საინფორმაციო-შემეცნებით პორტალ NSP.GE - ს დასახლების მაცხოვრებლებმა განუცხადეს.
მათი თქმით, ნაკადულის ქუჩა დაახლოებით 6 თვეა გადათხრილია, რის გამოც ადგილზე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, პანდემიის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების დროსაც კი, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებოდა, ხოლო წმინდა ბარბარეს უბანს შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც არ დაადგა საშველი.
"ჯერ ერთი აქ გზა არცთუ ისე ცუდი იყო და თუ მართლა უბნისთვის უნდოდათ ყურადღების მიქცევა, მაშინ "ზე ემ კა" - მდე მოსასვლელი გზისთვის უნდა მიეხედათ. ჩადით და თქვენი თვალით ნახეთ რა დღეშია გზა 31-ე ქარხნიდან ჩვენ დასახლებამდე. ასეთი უპატრონოები შევარდნაძის დროსაც არ ვყოფილვართ. რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარედ ოდნავი წვიმის დროსაც კი იმხელა ტბა დგება, მსუბუქი მანქანები ნახევრად იფარება, თან ამხელა წყალში გავლისას როდის ჩავარდები ორმოში არავინ იცის.
სანამ ჩვენ ქუჩას გადათხრიდნენ კალაძემ ზამთარში მთავრობის სხდომაზე რომ განაცხადა, წმინდა ბარბარეს დასახლებაში ასფალტის საფარას მთლიანად ვცვლითო, მოვიდეს ახლა და თავისი "ფერარით" გაიაროს ამ გზაზე. რაც გადათხარეს გადათხარეს, დანარჩენს გაზაფხულის წვიმებმა ბოლო მთლიანად მოუღო და აქ მანქანით გავლა თითქმის შეუძლებელია. რახან ცენტალური და ელიტარული უბანი არ არის აქ ხალხი არ ვცხოვრობთ?" - განუცხადა საინფორმაციო-შემეცნებით პორტალ NSP.GE - ს დასახლების მაცხოვრებელმა.
მისივე თქმით, ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლები პროტესტის ნიშნად და გზის საფარის დაგების მოთხოვნით უახლოეს დღეებში მოსკოვის პროსპექტის გადაკეტვას აპირებენ.