გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრების ორმხრივად გახსნის შესახებ შეთანხმება მიღწეულია

8-07-2020


ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ.

ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას განიხილეს მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლის გათვალისწინებით, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. არაერთ ქვეყანაში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.

საქართველოს მთავრობა აკვირდება გლობალურ სურათს და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, დგამს ფრთხილ ნაბიჯებს.

უკვე მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც დღეს გახდება ცნობილი. ამ თემაზე მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

ამასთან, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ, ერთობლივად გადაიხედება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში შესვლის პირობები.

საქართველოს მთავრობისთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930