8-07-2020
იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლიეტუვა და ესტონეთი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო სიფრთხილით დგამს თითოეულ ნაბიჯს და აანალიზებს ყველა მოქმედებას.
„როგორც მოგეხსენებათ, 30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში და რეკომენდაცია გასცა მისთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მთავრობამ ორმხრივი მოლაპარაკებები აწარმოა საზღვრების გახსნის თაობაზე ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მსოფლიოს და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და არსებული ციფრების გათვალისწინებით, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნების და მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც, რიგ შემთხვევებში კი არსებობს გარკვეული რეგულაციები და შეზღუდვები, რაც ითვალისწინებს 14 დღიან კარანტინს, საკუთარი სახსრებით დაფარულს. საქართველო აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, სიფრთხილით ვდგამთ თითოეულ ნაბიჯს და ვაანალიზებთ ჩვენს ყველა მოქმედებას. დღისათვის, იმ ქვეყნებიდან ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლიეტუვა და ესტონეთი. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ საზღვრები გაუხსნა მათ შორის ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებსაც. ზემოთჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს, შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით, ანუ საჰაერო მიმოსვლის საშუალებით. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა და ასევე იქნება გათვალისწინებული , რომ თითოეულმა მგზავრმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის შესახებ, ანუ თუ სად იმყოფებოდა ბოლო 14 დღეში. ასევე, ანკეტაში იქნება გათვალისწინებული ინფორმაცია, სადაც იქნება აღნიშნული, თუ სად აპირებს ჩვენი ქვეყნის სტუმარი გაატაროს დრო და დარჩეს მისი საქართველოში ყოფნისას, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა., რომელიც საშუალებას მოგვცემს რომ გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში. მათივე თანხმობის შემთხვევაში, ან საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის დროს თუ დაფიქსირდა 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, მათ აეროპორტში ჩაუტარდებათ PCR ტესტი. ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ, მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიულ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი,“- აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა.