2-04-2018
ბადრი პატარკაციშვილის ექსჰუმაციის საკითხმა დასავლურ პრესაში მას შემდეგ წამოიწია, რაც ბრიტანეთში ორმაგი აგენტი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. თუმცა, როგორც რუსულ მედიაში წერენ, გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი იციან:
„ჩვენი ოჯახისთვის ასეთი მოთხოვნის შესახებ უცნობია. ამ საკითხზე [ცხედრის ექსჰუმაციაზე] ჩვენამდე არანაირი ინფორმაცია არ მოსულა“, – ეს გარდაცვლილის შვილის ია პატარკაციშვილის სიტყვებია.
როგორც ბრიტანული, ისე ფრანგული გამოცემები წერენ, რომ ლონდონი ბორის ბერეზოვსკის ბიზნეს პარტნიორის ბადრი პატარკაციშვილის ცხედრის ექსჰუმაციის საკითხს განიხილავს.
ბრიტანული გამოცემა Express-ის მიხედვით, რამდენიმე წლის წინათ გარდაცვლილი ბიზნესმენის ცხედართან ერთად ბრიტანეთის ხელისუფლება კიდევ ერთი რუსი ბიზნესმენის, ალექსანდრე პერეპელიჩნის ცხედრის გამოკვლევასაც გეგმავს.
ბადრი პატარკაციშვილი სურრეის საგრაფოში 2008 წელს მოულოდნელად 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. პერეპელიჩნი, რომელსაც მაგნიცკის საქმეში ინფორმატორად ასახელებდნენ, იმავე საგრაფოში, 2012 წელს სახლთან ახლოს სირბილის დროს მოკვდა. ის 44 წლის იყო.
Express, ასევე, აქვეყნებს ბადრი პატარკაციშვილის მეგობრის ციტატას, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა და განაცხადა, რომ ბადრის ცხედრის ექსჰუმაცია აუცილებელია და შესაბამისმა ორგანოებმა ეს უნდა გააკეთონ. მისივე განმარტებით, პოლიციას ტოქსიკური ექსპერტიზა არ ჩაუტარებია.
ცნობილია, რომ პატარკაციშვილი „ეფესბეს“ ოფიცერს ალექსანდრე ლიტვინენკოს ყალბი პასპორტის გაკეთებასა და რუსეთიდან გაქცევაში დაეხმარა. ბორის ბერეზოვსკის ფონდის „სამოქალაქო თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის გოლდფაბრის განმარტებით, ლიტვინენკომ პასპორტი საქართველოში მიიღო, საიდანაც ის ბადრის ერთ-ერთ ნდობით აღჭურვილ პირთან ერთად თურქეთში გაემგზავრა, სადაც მას ცოლი და შვილები ელოდნენ. ლიტვინენკოს გაქცევაში ბადრიმ აქტიური მონაწილეობა მიიღო. როგორც ამბობენ, მთელი ეს ოპერაცია მას 130 ათასი დოლარი დაუჯდა. ცნობილია, რომ თანხა ბორის ბერეზოვსკიმ გადაიხადა. ეს 2000 წელს მოხდა.
ამ ისტორიის მონაწილე პირებიდან ლიტვინენკო ლონდონში მოწამლეს. ის 2006 წელს, ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღებიდან მალევე გარდაიცვალა. ის რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამლეს.
ბადრი პატარკაციშვილი 2008 წელს გარდაიცვალა. ოფიციალურად ცნობილია, რომ გულის შეტევით. ბორის ბერეზოვსკი კი 2013 წელს ბრიტანეთის პოლიციამ საკუთარი სახლის აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვა. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.