8-07-2020
2020 წლის 8 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიედრიუს პოუჯუნასთან.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და ლიეტუვის ურთიერთობების გამყარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. საუბარი შეეხო, ელჩის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოსა და ლიეტუვაში განხორციელებულ არაერთ მაღალი დონის ვიზიტსა და ღონისძიებას. მინისტრმა სიამოვნებით აღნიშნა, ლიეტუვის და პირადად ელჩის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აღმოჩენილი პრაქტიკული დახმარება.
გიედრიუს პოუჯუნასმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მინისტრს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო, საქართველოში და ლიეტუვაში COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას. მინისტრმა სიამოვნებით აღნიშნა, რომ საქართველო იმ 15 ქვეყნის სიაში მოხვდა, რომელთაც ევროკავშირმა საზღვრები გაუხსნა, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ელჩმა თავის მხრივ დასძინა, რომ მოხარულია, საქართველო ლიეტუვის მოქალაქეებისთვის ხსნის საზღვრებს და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პოზიტიურად აისახება საქართველოში ლიეტუველი ტურისტების ნაკადის ზრდაზე.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.