8-07-2020
„დღეს, როდესაც გლობალური გამოწვევა დაუდგა მთლიანად მსოფლიოს, ნებისმიერი ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის ინტერესებით ხელმძღვანელობს და აქედან გამომდინარე, აწესებს ან არ აწესებს დამატებით შეზღუდვებს. იმ ხუთ ქვეყანას, რომელთანაც ვხსნით საზღვრებს, შესაძლოა დაემატოს სხვა სახელმწიფოებიც და ამაზე ვმუშაობთ, თუმცა, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ ხუთ ქვეყანაშიც შესაძლოა რაღაც შეიცვალოს, რადგან ყველა და მათ შორის ჩვენც, საქართველოს ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, გადაწყვეტილებებს ვიღებთ პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მიუხედავად საერთო გადაწყვეტილებისა, რომ ევროკავშირის შიგნით გაიხსნას საზღვრები, ზოგიერთი წევრი ქვეყანა მაინც დროებით შეზღუდვებს აწესებს. „ამ თვალსაზრისით, მუდმივად არის ბევრი ცვლილება, მაგალითად, ბოლო სიახლეა, რომ ესპანეთმა გარკვეული პლაჟები ჩაკეტა, რადგან ბრიტანეთიდან ძალიან დიდი ნაკადი მიაწვა, ასევე სერბეთმა მიიღო გარკვეული შეზღუდვის გადაწყვეტილება მონტენეგროსთან მიმართებაში. ქვეყნები, გამომდინარე ცვალებადი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, ერთმანეთშიც კი დამატებით შეზღუდვებს აწესებენ“ - აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, მთელ რიგი ქვეყნები, მათ შორის საქართველოს მიმართაც, ამ ეტაპზე არ ხსნიან საზღვრებს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი.
„რაც შეეხება უნგრეთს, იცით, რომ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა ჩვენთან, ეს იყო პანდემიის პირობებში მისი პირველი მაღალი რანგის ოფიციალური ვიზიტი. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, რომელიც დააკვირდება მიმდინარე ვითარებას და გადაწყვეტილება ვითარების შესაბამისად იქნება მიღებული - იმ ხუთ ქვეყანას, შესაძლოა დაემატოს უნგრეთი, ასევე რომელიმე სხვა ქვეყანა“ - განაცხადა ნათია თურნავამ.