9-07-2020
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული.
„თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი აუცილებლობა გახდა. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართულ ყურძენზე მინიმალური ფასი, რქაწითელზე და კახურ მწვანეზე იქნება 80 თეთრი. ეს ის მინიმალური შესაძლებლობაა კრიზისის პირობებში, რაც ჩვენ შეგვიძლია დღეს დახმარების სახით გავუწიოთ ქართველ მევენახეებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ მოახლოებულ რთველზე საუბრის დროს, ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი სამიზნე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის არის სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტებით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში. გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში, ყველას მოგეხსენებათ, როგორ ვითარდება მევენახეობა და მეღვინეობა. 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი მოხდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ, მეღვინეობა, ქართული, ექსპორტში 2012 წელს დაახლოებით იყო 2.5 პროცენტი, დღეის მონაცემებით ეს არის 6 პროცენტი. ეს არის ძალიან სერიოზული დინამიკა განვითარების, დარგის ზრდის. ამიტომ, შეუძლებელი იყო ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა, სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა, განსაკუთრებით რთველის პირობებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.