9-07-2020
სიმსივნის გამომწვევი საღებავის „სუდანი“ შემცველობაზე თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ შემოწმდა. Momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, აკრძალული საღებავი „სუდანი“ ხუთი დასახელების ნიმუშში აღმოჩნდა.
შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი.
"სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.
ანალოგიური კვლევების შედეგები 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის მარტშიც გამოვაქვეყნეთ. აღნიშნული კვლევებით, არასაკვები საღებავები 9 ნიმუშში აღმოჩნდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) ჩვენს მიერ აგვისტოში გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. წითელი წიწაკის მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა. სურსათის დაბინძურებული პარტიები გამოთხოვილ იქნა ბაზრიდან და მათი გაყიდვა აიკრძალა. ამავე დროს, საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით. წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება. ბრძანება 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული).
ჩვენი კვლევის 2020 წლის მარტის შედეგების გამოცხადების შემდეგაც სეს-მა მეწარმეებს ბაზრიდან ამოაღებინა დაბინძურებული სურსათის პარტიები და მათი რეალიზაცია აუკრძალა.
თუმცა, როგორც ვხედავთ, გატარებული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად. დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი და სეს-ის მიერ განხორციელებული მცირე მასშტაბის კვლევების შედეგადაც კი, 1 წლის მანძილზე 23 ნიმუშში არასაკვები საღებავების აღმოჩენა (მათ შორის, ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქტში, განმეორებით) მეტად საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სეს კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად.
შემოწმებული ნიმუშების სია იხილეთ ქვემოთ:
პროდუქტის დასახელება: ცხარე საწებელი "ჯაკომო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ "სულხან შონია"/საქართველო
წარმოების თარიღი: 15.01.20
პროდუქტის დასახელება: ტომატის კეტჩუპი "კალვე"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "უნილევერ რუს"/რუსეთი
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 15.04.20-10.01.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "ფრესკო"
პროდუქტის დასახელება: აჯიკა "აფხაზური, ეს"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "ეს"/საქართველო
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 22.05.20-22.05.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "ფრესკო" (ანჯაფარიძის 13)
პროდუქტის დასახელება: "ხათოს აფხაზური აჯიკა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: ი.მ თამარ ყოლბაია/საქართველო
წარმოების თარიღი: 05.04.20
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1)
პროდუქტის დასახელება: აჯიკა "ნენა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა აგრო ჩოხატაური"/საქართველო
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 25.01.20-25.01.22
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "გუდვილი" (ქავთარაძის 1)
პროდუქტის დასახელება: აჯიკა "ექსტრა კულა"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: გსქ "კულა"/საქართველო
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 12.11.19-12.11.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ)
პროდუქტის დასახელება: ტომატის პასტა 25% "ჩუმაკი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "ჩუმაკი"/უკრაინა
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 12.11.19-12.11.21
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ)
პროდუქტის დასახელება: ტომატის პასტა "ფინალი"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: სს "აზერსუნ კენდ ტესერუფატი მეჰსულარი"/აზერბაიჯანი
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 24.09.19-24.09.22
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ)
პროდუქტის დასახელება: ტომატის პასტა "ელდორადო"
მწარმოებელი ფირმა/ქვეყანა: შპს "საქართველოს სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია"/საქართველო
წარმოების თარიღი/ვარგისიანობის ვადა: 11.05.20-10.05.22
შესყიდვის ადგილი: ჰიპერმარკეტი "კარფური" (აღმაშენებლის ხეივანი მე-16კმ)
სრული სია იხილეთ: momxmarebeli.ge