გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა რადიანის სახელობის მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

10-07-2020

ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის - „მობილური მაღაზია გურიაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

https://mobmarket.ge/ ინოვაციური და უნიკალური პროექტია, რომელიც შექმნილია მხოლოდ გურიის რეგიონისთვის და მიზნად ისახავს მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურებას, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას, COVID-19-თან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

„მიმდინარე წლის მარტის თვეში, როცა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები ამოქმედდა, ჩვენ მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, რომ მიკროავტობუსები, რომლებიც იქამდე აგრარულ ბაზრებს სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებდა, „მოძრავ მაღაზიებად“ გვექცია. პროექტმა, გაამართლა და წარმატებული გახდა. დღეს ბოსტნეულით, ბურღულეულით თუ პირველადი მოხმარების პროდუქტით დატვირთული 20-მდე მიკროავტობუსი, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ემსახურება ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. სწორედ გურიის ამ ინიციატივას პასუხობს პროექტი „მობილური მაღაზია გურიაში“, - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.

https://mobmarket.ge/ - ზე დარეგისტრირების შემთხვევაში: მომხმარებელი შეუკვეთავს და „მობილური მაღაზიის“ მეშვეობით მიიღებს მისთვის სასურველ პროდუქტს, ფერმერი/მეწარმე „მობილური მაღაზიის“ ბაზაში დაასაწყობებს სარეალიზაციო პროდუქციას, ხოლო მუნიციპალური მთავრობა კოორდინაციას გაუწევს „მობილური მაღაზიის“ პროექტს.

პროექტს „ონლაინპლატფორმა - მობილური მაღაზია გურიაში“ სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SlovakAid) დაფინანსებით, მართავს ა(ა)იპ „I (პირველი) ბლოკი“ ა(ა)იპ „რეგიონი და საზოგადოებასთან“ პარტნიორობით. პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ფერმერები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930