10-07-2020
"გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამ ექსპერტიზის დასკვნას ოჯახი ველოდით ძალიან დიდხანს, იმ თვალსაზრისით რომ ის იყო ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპი გამოძიებაში. ამ ექსპერტიზის პასუხის მიხედვით უნდა დაგვედასტურებინა ჩვენი პოზიცია, რამდენად რეალური იყო ოჯახის ვერსია გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში ის გადააგდეს მდინარე არაგვში ", - განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ.
მისივე თქმით, ყველა დაზიანება, გიორგი შაქარაშვილს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს იმას, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება.
გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მოითხოვს "ტოიოტა ქამრის" ექვსივე მგზავრი იყოს ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით.