13-07-2020
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ გია ჯოხთაბერიძის განცხადებას პასუხობს.
ბექაურის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორმა კომპანიამ – „თელიასონერამ“ და „ბილაინმა“ ქართული ბაზარი მისი თავმჯდომარეობის დროს დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„გია ჯოხთაბერიძის ტყუილი კომპეტენტურობაზე პრეტენზიის მქონე მედიამ სათაურში გაიტანა და გადამოწმების გარეშე ყალბი ამბის ტირაჟირებას ახდენს. სიმართლე კი ასეთია: ორი ე.წ.„ტრანსატლანტიკური“ კომპანია (ალბათ ტრანსნაციონალურს გულისხმობს), რომელზეც ჯოხთაბერიძე ლაპარაკობს, ერთი „თელიასონერაა“, მეორე კი – „ვიონი“, ანუ „ბილაინი“. ამ უკანასკნელს, დღეს რომ „ტრანსატლანტიკური“ გახდა, ბატონი გია აქამდე რუსულს ეძახდა. რაც შეეხება „თელიასონერას“, ევრაზიის რეგიონიდან გასვლა კომპანიამ 2015 წელს გადაწყვიტა. გასვლის მიზეზი კი, ერთ-ერთ შუააზიურ ქვეყანაში კორუფციული სკანდალი იყო. „თელიასონერას“ საქართველოდან გასვლა არ უნდოდა. მიუხედავად ბაზრის სიმცირისა, საქართველო მათთვის მაინც მიმზიდველი იყო, რადგან მათი აზრით საქართველოს სატელეკომუნიკაციო გარემო ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. „თელიასონერა“ მთელი რეგიონიდან გავიდა, რეგიონული ოფისი და სტრუქტურა გააუქმა, შესაბამისად, საქართველოდანაც მოუწია გასვლა. კვალიფიციურ ბიზნესმედიას ამის გადამოწმება არ უნდა უჭირდეს.