13-07-2020
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც სროლებს 3 აჯაერბაიჯანელი ჯარისკაცი შეეწირა, დაძაბულობა ნარჩუნდება. ილჰამ ალიევი სომხურ მხარეს შეთანხმების უხეშ დარევაში ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება. მოსკოვმა შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.
ორშაბათს, 13 ივლისს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შექმნილი ვითარების შეფასებისას აღნიშნა, რომ სომხეთი ფარისევლურად ორმაგ თამათს თამასობს, ერთის მხრივ საერთაშორისო საზოგადოებას მშვიდობის დაცვის მოტივით დახმარებას სთხოვს და მეორეს მხრივ თავად ხსნის ცეცხლს. ალიევმა პირობა დადო, რომ ბაქო ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ბრძოლას გააგრძელებს და სომხეთს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებინებს.
ორშაბათსვე განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც დაგმობილია სისხლისღვრა და აღნიშნულია, რომ „რუსეთისთვის შემდგომი ესკალაცია მიუღებელია.“ უწყების ცნობით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მომხდარი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმერ მამედიაროვთან განიხილა.
12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის რეგიონში სროლების შედეგად 3 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია სომხური მხრიდან დაღუპულების შესახებაც, რასაც ერევანი არ ადასტურებს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში 1988 წელს დაიწყო. იმპერიის დაშლის შემდეგ კი კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სომხეთმა რუსეთის ირიბი დახმარებით ყარაბაღის დაკავება მოახერხა. აზერბაიჯანი მას დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი 1994 წელს მოეწერა, თუმა ამ დოკუმენტს მშვიდობა არ მოუტანია. 1994 წლიდან დღემდე რეგიონში სროლებს ორივე მხრიდან 3500 სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. იქამდე 1988-1994 წლებში შეიარაღებულ კონფლიქტს 38 000 ადამიანი შეეწირა.