3-04-2018
XX საუკუნის ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი - ეთერ ფაღავა ნოე ჟორდანიას შვილიშვილია... მისი ბავშვობის წლებს ასე ახასიათებს ლონდონში გამოცემული საბალეტო ლექსიკონი: "ეთერ ფაღავა უკანასკნელი ომის დროს გამოჩნდა, როგორც არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი და მაშინვე ვარსკვლავი გახდა... 13 წლის ეთერი უკვე სენსაცია იყო, როცა ის ასრულებდა პატარა აკრობატის როლს ბალეტ "ოინბაზებში"... ბელინის მუსიკის საფუძველზე, 1948 წელს ჯ. ბალანჩინის მიერ დადგმულ "სომნამბულაში" ეთერ ფაღავას ხელოვნებამ საყოველთაო აღტაცება მოიპოვა... ამის შემდეგ ის მიიწვიეს პარიზის "გრანდ-ოპერაში", რასაც მოჰყვა გასტროლები მილანის "ლა სკალაში"...
ეთერ ფაღავა:
- ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ვარ... ის იშვიათი პიროვნება, ძალზე თბილი ბაბუა, განსაკუთრებულად ჭკვიანი იყო და მას, როგორც ღმერთს, ისე ვუყურებდი. მახსოვს მისი ოთახი, სადაც ბევრი წიგნი იყო!.. სულ ენატრებოდა საქართველო. მთელი ცხოვრება ფიქრი ტანჯავდა, როდის დაბრუნდებოდა საქართველოში... 26 მაისს ჩვენთან ძალიან ბევრი ქართველი მოდიოდა და მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდნენ, როდის დავბრუნდებით სამშობლოშიო?
- საფრანგეთში დაიბადეთ და გაიზარდეთ...
- დიახ, საფრანგეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჯერ ქართული ვისწავლე და მერე - ფრანგული. ლევილში პატარა საქართველო იყო... დედაჩემი ქართულად წერდა ლექსებს საქართველოზე, ბაბუაზე... ლევილში ცხოვრობდნენ, მაგრამ ფრანგული პასპორტები არ ჰქონდათ. ძალიან უყვარდათ საფრანგეთი, მაგრამ არ სურდათ, ფრანგები ყოფილიყვნენ. ამიტომაც, პასპორტის მიხედვით ქართველებად დარჩნენ. ეს საკმაოდ ძნელი იყო, რადგან ქართული პასპორტით სამსახურის შოვნა ჭირდა. თუმცა, ყველაფერს უძლებდნენ! ნამდვილი ქართული ბავშვობა მქონდა: ფრანგულ სკოლაში კი დავდიოდი, მაგრამ სულ "დედაენა" მეჭირა ხელში და ჩავყურებდი. ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს ვსწავლობდი...
- საქართველოში პირველად როდის ჩამოხვედით?
- პირველად 1967 წელს ჩამოვედი და ვნახე ჩემი ულამაზესი სამშობლო, ჩემი ბებია - ეთერ ფაღავა და ნათესავები... მამა საქართველოდან რომ წავიდა, 17 წლის იყო. ისიც ძალიან იტანჯებოდა იმის გამო, რომ სამშობლოში ვერ დაბრუნდა... პირველად მოსკოვში ჩავედი. ძალიან დაიგვიანა თბილისის თვითმფრინავმა. აეროპორტში იმდენად გამახარა უცნობ ქართველებთან შეხვედრამ, რომ დაახლოებით ხუთი საათი ველაპარაკე... თბილისში რომ ჩავედი, ღამის ოთხი საათი იყო. ვიფიქრე, ამ შუაღამეს ვერავის ვნახავ-მეთქი და, სიხარულისგან ლამის გავგიჟდი, როცა მივხვდი, რომ აეროპორტში უამრავი ადამიანი მელოდა... ვახტანგ ჭაბუკიანი ყვავილებით შემომეგება. მასთან ერთად იყვნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები. ასევე, ჩემი ბიძა, სამი დეიდა და ნათესავები - ფაღავების მხრიდან... ჩემს უახლოეს ნათესავებს პირველად 35 წლის ასაკში შევხვდი. ყველა მეხვეოდა და მკოცნიდა...
- თბილისს, როგორც ბალერინა, ისე ეწვიეთ?
- დიახ! თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმიწვიეს და საქართველოში სამი კვირა დავრჩი... თეატრში უამრავი ხალხი მოდიოდა. მათ აინტერესებდათ ჩემი შემოქმედება, მაგრამ უფრო მეტად ის ხიბლავდათ, რომ ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ვიყავი. ყველა მასზე მელაპარაკებოდა და მეუბნებოდნენ, - დიდი კაცი იყოო... თბილისის ოპერაში "ჟიზელი" ვიცეკვე. ძალიან მომეწონა თბილისის დასი. რეპეტიციაზე ქართულად რომ ვლაპარაკობდი, ეს ყველას უხაროდა. ვახტანგ ჭაბუკიანი უმეტესად, რუსულად საუბრობდა და ორკესტრის წევრი გაეხუმრა, - ჩვენი გოგო გასწავლის ქართულსო... ჭაბუკიანთან ერთად "ჟიზელი" რომ ვიცეკვე, დარბაზში ტაში არ წყდებოდა. სპექტაკლის ბოლოს გამოვედი და მაყურებელს ქართულად მივმართე: დიდი მადლობა გადავუხადე ყველას, მერე ბაბუაზე და ჩემს საქართველოზეც ვილაპარაკე... თეატრიდან რომ გამოვედი, ქუჩაში უამრავი ხალხი მომყვებოდა. მითხრეს: ეს ხალხი იმიტომ კი არ მოგდევს, რომ ბალერინა ხარ, არამედ იმიტომ, რომ ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ბრძანდებიო... ეს სიტყვები რომ მახსენდება, გული ყოველთვის სიამაყით მევსება!
- როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება საქართველოზე?
- ძალიან გამახარა და გამაკვირვა ერთმა რამემ: 1967 წელს საქართველო თავისუფალი არ იყო, მაგრამ ყველა უშიშრად მელაპარაკებოდა ნოე ჟორდანიაზე! მის მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ... შემდეგ ტელევიზიაში მიმიწვიეს და იქ წამყვანმა შეკითხვა დამისვა: საქართველოს რას უსურვებთო? ვუპასუხე, - მინდა, საქართველო თავისუფალი იყოს-მეთქი! ამ სიტყვების გამო ძალიან დავისაჯე... ოპერაში რომ ვიცეკვე, დარბაზი მაყურებლით გადაჭედილი იყო. მეხვეწებოდნენ, კიდევ ჩამოდიო, მეც დავპირდი ხალხს, რომ დავბრუნდებოდი, მაგრამ პარიზში რომ ჩავედი, წერილი მივიღე: თქვენ აღარ გაქვთ უფლება, საქართველოში დაბრუნებისო!.. მიუხედავად ამისა, დღემდე ძალიან მიხარია, რომ გავბედე და პირდაპირ ვთქვი, რაც მსურდა. ამ სიტყვების გამო 20 წელი აღარ ჩამომიშვეს სამშობლოში...
- მეორედ როდის ჩამოხვედით?
- 90-იან წლებში ჩამოვედი ანუ მაშინ, როცა საქართველო თავისუფალი გახდა. გასტროლი მქონდა თბილისის ოპერაში და ჯგუფთან ერთად ჩამოვედი... ჩემთან ერთად იყვნენ ბიძა - რეჯებ ჟორდანია, ჩემი მეუღლე და შვილი... მეუღლე ცნობილი ფრანგი მომღერალი გახლდათ. მახსოვს, მან საქართველოში "სულიკო" რა ემოციურად იმღერა. ძალიან უყვარდა ქართული სიმღერები. ჯერ კიდევ საფრანგეთში ნახა, მამა როგორ თამადობდა, ცეკვავდა, მღეროდა... პარიზის თეატრში ქართული საცეკვაო ჯგუფები მივიწვიეთ, მათ შორის - "სუხიშვილები". ამ კონცერტს ჩემი მეუღლეც დაესწრო. იმდენად მოეწონათ ფრანგებს ქართული ცეკვები, ლამის ჭკუიდან შეიშალნენ. სხვათა შორის, ფრანგები სულ მეუბნებიან, - საქართველოში რომ სტუმრის მიღება იციან, ასეთი რამ სხვაგან არსად გვინახავსო, ქართველების მასპინძლობამ ჩემი მეუღლეც აღაფრთოვანა... ჩემს ვაჟს ტარიელი ჰქვია და ქართულად არაჩვეულებრივად ლაპარაკობს. ნურავის ეწყინება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იგი უფრო მეტად ქართველია, ვიდრე საქართველოში გაზრდილები...
- თუ არ ვცდები, თქვენ დღესაც ცეკვავთ...
- ჩვენს ოჯახში არ ცეკვავდნენ, უფრო - მუსიკით იყვნენ გატაცებული. ოჯახში პირველი ვიყავი, ვინც აცეკვდა... ახალგაზრდა აღარ ვარ, მაგრამ ახლაც, ყოველდღე ვცეკვავ. მაქვს ჩემი ჯგუფი, ვატარებ მასტერკლასებს. რომ მეკითხებიან, - ამ ასაკში კიდევ როგორ ცეკვავო? ვპასუხობ: მე ქართველი ვარ-მეთქი... ჩემი პატარა შვილიშვილი, თეა ამბობს: ჩემი ბებია რომ დაიბადა, ცეკვავდა და როცა ამ ქვეყნიდან წავა, კიდევ იცეკვებსო...
- უდიდესმა ქართველმა ქორეოგრაფმა - ჯორჯ ბალანჩინმა გამოგარჩიათ... როგორ იხსენებთ მასთან შეხვედრას?
- ბალანჩინი მართლაც, მოვლენა იყო... პირველად რომ მნახა, არ იცოდა, ქართველი თუ ვიყავი. დიდ საპრემიერო სპექტაკლს დგამდა და ბალერინას არჩევდა მთავარი როლისთვის. ჩვენს რეპეტიციას დაესწრო. რეპეტიციის შემდეგ შემატყობინეს, რომ მთავარი როლისთვის მე ამარჩია... ბალანჩინის დადგმაში რომ ვიცეკვე, პრესა საოცრად კარგ რეცენზიებს წერდა ჩემ შესახებ და ახლაც კი წერენ, იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა! ბალანჩინი დიდი პიროვნება და საქმის პროფესიონალი იყო! იმდენად კარგად მიჩვენებდა, როგორ უნდა მეცეკვა, რომ ყველაფერი გამომდიოდა. უხაროდა, ქართველი რომ აღმოვჩნდი...
- ბალანჩინთან ცეკვავდა კიდევ ერთი ქართველი - ჯორჯ ბალანჩინის, ალფრედ ჰიჩკოკისა და ჯოზეფ კორნელის შთაგონების წყარო - თამარ თუმანიშვილი... ერთმანეთს შეხვედრიხართ?
- დიახ, შევხვდი თამარ თუმანიშვილს: იმ ბალეტში, რომელშიც მთავარი პარტია ვიცეკვე, თუმანიშვილიც ცეკვავდა... იგი ჩემზე ბევრად უფროსი იყო. მანამდეც ვიცოდი მის შესახებ, მაგრამ იგი არ მიცნობდა... სხვათა შორის, საფრანგეთში მინახავს კოკო შანელის ქართველი მოდელები: მერი შერვაშიძე, მელიტა ჩოლოყაშვილი... ქართველების დიდი შეხვედრები იმართებოდა პარიზში - 26 მაისს, შობას, აღდგომას... მართლაც, საოცრად ლამაზი ქალბატონები იყვნენ და ამიტომაც, საფრანგეთში ხშირად გამიგონია სიტყვები: ქართველები ყველაზე ლამაზები არიანო...
- თქვენ ყოველთვის იყავით პოეტთა, მხატვართა, მოქანდაკეთა მუზა... როგორი იყო თქვენი ცხოვრება?
- საინტერესო, მაგრამ რთული! ემიგრაციაში ცხოვრება ძალიან ძნელი გახლდათ.
- დღევანდელობა როგორია?
- დღევანდელობა უფრო იოლია... თუმცა, კულტურას ყველა ქვეყანაში ნაკლები ყურადღება ექცევა. სულ უნდა იბრძოლო საიმისოდ, თუნდაც, გასტროლები რომ გქონდეს.
- საქართველოში ჩამოსვლა არ გსურთ?
- ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საქართველოში ჩავიდე! ვიცი, რომ თბილისის ოპერა ძალიან ლამაზად გაკეთდა! მსურს, თბილისში მასტერკლასები გავმართო, თეატრში სპექტაკლი დავდგა... ძალიან მიხარია, ქართველი რომ ვარ. მეამაყება ჩემი წარმომავლობა. მინდა, ჩემი სამშობლო სულ გაბრწყინებული იყოს!