გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას დაესწრო

21-07-2020

მიმდინარე წლის 15 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე და ამავე დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და იურიდიული დახმარების განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ წერეთელი თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას დაესწრნენ, რომელზეც განსახილველ საკითხთა შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების სახელების უკვდავსაყოფად, თბილისში სკვერებისა და ქუჩებისთვის სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა სახელების მინიჭება გახლდათ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ძმების, ვასილ და ნუკრი წიკლაურების სახელის მინიჭებას. ძმები წიკლაურები სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ და 1993 წლის 22 სექტემბერს დაიღუპნენ სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში, მოწინააღმდეგის მიერ თვითმფრინავის აფეთქების შედეგად, თავიანთ დის შვილებთან, თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილებთან ერთად, რომელთა სახელებიც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით და თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, დელისის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთს, 2017 წელს მიენიჭა. ნუკრი და ვასილ წიკლაურები, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

კომისიამ, ასევე, მხარი დაუჭირა, წყნეთში არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მიხეილ ოძელაშვილის სახელის მინიჭებას. მიხეილ ოძელაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ასეულის მეთაური, გვარდიის მაიორი იყო. დაიღუპა 1993 წლის 25 სექტემბერს, ახალდაბასთან. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი.

კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ქუჩისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილისა და მისი მამის, აფხაზეთის ომის მონაწილის, ბადრი გზირიშვილის სახელის მინიჭებას. ვახტანგ გზირიშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

სხდომის დასასრულს, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია კვლავ გააგრძელებს სამშობლოსათვის დაღუპული გმირების სახელების უკვდავსაყოფად ღონისძიებების გატარებას და ამ საკითხში, მისი საიმედო დასაყრდენი, კვლავ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930