გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

5-04-2018

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვეს მიჩელს შეხვდა .

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საკითხებში.

„2017 წელი განსაკუთრებული იყო იმ შედეგებით, რომლებიც მიღწეულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კუთხით. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ამერიკა-საქართველოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, ვისაუბრეთ შემდგომ ნაბიჯებზე, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება და ვეს მიჩელის მხრიდანგამოიხატა მზაობა ამ მიმართულებით მხარდაჭერისკენ. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, თუ რა უნდა გაკეთდეს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის. საქართველო ამისთვის ყველაფერს აკეთებს როგორც პრაქტიკული, ასევე რეფორმების განხორციელების მიმართულებით და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებითვე, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართვლოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე, რომლებიც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებშიმცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

„რა თქმა უნდა ამერიკის მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი არის ურყევი, რაც გამოიხატება, როგორც საერთაშორისო ფორმატებში, ასევე აშშ-ის აქტიური მონაწილეობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ჩვენ ასევე გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა იმ სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული და რომელიც ხელს უწყობს შერიგებას და ახალი შესაძლებლობების გაჩენას ოკუპაციის ხაზით გაყოფილ საზოგადოებას შორის და იმ მოსახლეობისთვის, რომელიც დღეს ოკუპაციის შედეგად განიცდის ძალიან ბევრ პრობლემას“-აღნიშნა ჯანელიძემ.


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველო-აშშ თანამშრომლობას ეკონომიკური კუთხით და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს.
„საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი და მოკავშირე არა მხოლოდ უსაფრთოხების და თავადაცვის სფეროში, არამედ ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო არის მნიშვნელოვანი პლატფორმა ამერიკული ბიზნესისთვის რეგიონში. რაც გამოიხატება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ამერიკული კომპანიის მონაწილეობით და ასევე სხვა ამერიკული ინვესტიციებით, რომელიც ხორციელდება საქართველოში. ჩვენ ვისაუბრეთ ამ პერსპექტივებზე და შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელებიც გააძლიერებს ორივე ქვეყნის ინტერესს,“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, კონგრესში, საქართველოს საკითხებზე მომუშავე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ექსპერტებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031