28-07-2020
ყველა წყაროზე გავდივართ და ვარეგულირებთ ამ საკითხს. ამიტომ ხაზს ვუსვამ, პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„შემთხვევების გარკვეული მატება პროგნოზირებადი იყო. ასე იყო ყველა ქვეყანაში, სადაც კი შემსუბუქების პოლიტიკა მიმდინარეობს. ამის გარეშე არ შეიძლება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, სწორი და კარგი ბალანსი უნდა გვქონდეს ერთი მხრივ, შემსუბუქების პოლიტიკასა და მეორე მხრივ, სწრაფ პასუხს შორის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს, კორონავირუსის რვა ახალი ფაქტი გამოვლინდა და რვავეს ინფიცირების წყარო ცნობილია – ერთი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ერთი – ლილოს კლასტერს; ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, ხოლო ოთხი შემთხვევა შემოტანილია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.