5-04-2018
“2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საბოლოო პასუხს უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილისგან ელოდება. ამ ინფორმაციას გვიდასტურებს „ქართული ოცნების“ ერთ- ერთი დეპუტატი, ე.წ. „ძველებისა და სტაჟიანების“ გუნდიდან.
კობახიძის შემცვლელი მოძებნილია თუ არა, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ უმრავლეოსობაში გაყოფის პროცესი დაწყებულია.
სააგენტოს ინფორმატორის თქმით, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ფავორიტებს შორის არ არის! სამაგიეროდ, მას დედაქალაქის მერი კახი კალაძე ლობირებს. სწორედ მისი გუნდის წევრად ითვლება კობახიძე, ისევე როგორც ე.წ. „ახლების გუნდი“! დარჩა თუ არა ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის #1 ფავორიტი კალაძე კვლავ ივანიშვილის ფავორიტად, ძნელი სათქმელია!!!
კობახიძის მიმართ უკმაყოფილება საკონსტუტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესებს მოჰყვა, რომელმა პროცესებმაც იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ პროტესტის გამოსახატად, ვენეცის კომისიის ხელმძღვანელი ჯანი ბუკიკიო საქართველოში ჩამოვიდა. „ოცნება“ იძულებული გახდა, ერთპარტიულად მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები თვითონვე გადაეხედა. როგორც ინფორმატორი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ პირველად იკითხა – კობახიძე იმსახურებს პარლამენტის თავმჯდომარეობას თუ არაო!
ამჟამად განვითარებული პროცესების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ივანიშვილის პოზიციამ ე.წ. „ძველებისა და სტაჟიანების“ გუნდი წაახალისა და პროცესები დაჩქარდა.
იმავე წყაროს ცნობით, გუნდში გაყოფაზე საუბარი დაიწყო, თუმცა მაშინ შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ მოუბრუნებოდნენ. საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია და როგორც ჩანს, პოლიტიკური ტემპერატურაც ადუღდა და საკითხსაც მოუბრუნდნენ.
გედევან ფოფხაძის ხმაურიანი ნაბიჯის შემდეგ, რომელიც ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბორდის წევრად არჩევას მოჰყვა, საინფორმაციო საშუალებები იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ფოფხაძის გარდა, კიდევ რამდენიმე დეპუტატინ ემზადებოდა უმრავლესობის დასატოვებლად. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ცნობით, პროცესს წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან რამდენიმე ღია დაპირისპირება – მმართველი გუნდის რიგმა წევრებმა მას პოლიტიკური გამოცდილება დაუწუნეს და ურჩიეს, კონსულტაციები მამასთან გაიაროს.
როგორც “კურიერმა” გაარკვია, დაპირისპირების მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ “ქართული ოცნების” “სტაჟიანმა” (რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ უმრავლესობაში) წევრებმა, გააპროტესტეს მათი უკანა პლანზე გადაწვა, ხოლო სატელევიზიო კომენტარების გაკეთების უფლება მოიპოვეს სხვა სახეებმა. „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველი სახეები თვლიან, რომ ახალმა წევრებმა ეს პრივილეგიები დაუმსახურებლად მიიღეს. ამიტომ მოითხოვენ “ქართული ოცნების“ წევრები, ირაკლი კობახიძემ დატოვოს თანამდებობა, ხოლო ეს პრობლემა კულუარულად მოგვარდეს. ისინი განმარტავენ, რომ ან ირაკლი კობახიძე უნდა გადაიყვანონ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ან არ არის გამორიცხული, კობახიძის თანაგუნდელებმა ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტი მოითხოვონ.
რაც შეეხება ოფიციალურ კომენტარებს, „ქართული ოცნების“ წევრები ტელეკამერებთან მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ უმრავლესობის შიგნით არის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და ეს უკავშირდება დეპუტატების ნაწილის თანამშრომლობას ხელისუფლების გარკვეულ გუნდთან.
„არა მსგავსი რამ არ ყოფილა. უმრავლესობის სხდომაზე ჯანსაღი დიალოგია და არის ხოლმე გარკვეული საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა. არის ხოლმე საკითხები რომლებიც არის ხოლმე წარმოდგენილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ და დეპუტატების ნაწილი არ ეთანხმება,“- განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც გედევან ფოფხაძის შემდეგ პარტიის დატოვების საკითხზე სახელდება, ეკა ბესელიაა. თუმცა ის ამ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც ჩანს, მომავალი კვირა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ, საინტერესო პოლიტიკური სიახლეებით დატვირთული იქნება.