3-08-2020
ყოფილი პოლიტპატიმარი, რევაზ კლდიაშვილი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2007 წელს დააკავა, ციხეში გატარებულ პერიოდს იხსენებს.
როგორც კლდიაშვილმა გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის რეპრესია 14-15 ათასმა ადამიანმა განიცადა, რომლებიც კანონიერ სამართალს ელოდებიან.
"2007 წელს დამაკავეს, როგორც აქციის მზადებაში მონაწილე.
მაშინ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, ყოფილი მაღალჩინოსანი ვიყავი.
ვიყავი შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის უფროსი, ასევე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე. 2007 წლის აპრილში მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და გენშტაბის უფროსმა, ზაზა გოგავამ ღამის სამ საათზე კაბინეტში დამიძახეს. მათ თავიანთი გუნდის წევრობა მომთხოვეს. დავინტერესდი, რას ითვალისწინებდა კეზერაშვილ-გოგავას გუნდის წევრობა. როცა დეტალები გავიგე, კარგად ბრძანდებოდეთ - მეთქი ვუთხარი, დავწერე პატაკი და წამოვედი.
წოდებით პოლკოვნიკი ვარ, იარაღის ტარების უფლებაც მაქვს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დამაკავეს. გაუფორმებელი იარაღები ჩამიდეს" - განაცხადა კლდიაშვილმა.
მისივე თქმით, თუ სამართლიანობა არ აღდგება, უკანონოდ რეპრესირებულებს "წინ ვეღარაფერი დაუდგება."
"ნაციონალებს" ჩვენით გავუსწორდებით. იარაღის ხელში აღებაც რომ დაგვჭირდეს, ამაზეც წავალთ. "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ დიდ გულზეა და პოლიტპატიმრებად გამოჰყავს ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია. ციხეში, მეზობელ საკანში იჯდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც წელი ჰქონდა გადატეხილი ბაჩო ახალაიას მიერ მისი ცემის შემდეგ.
წინა რეჟიმს აუცილებლად უნდა მიეცეს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება და მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს რას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა" - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით