გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვეყნის ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება

7-08-2020

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება.

შესაბამის ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW ) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, კლაუს ვეიგელმა.

ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

პროექტი ხელს შეუწყობს აღნიშნული რეგიონების სწრაფ განვითარებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლებას, აამაღლებს მოსახლეობის მომსახურების ხარისხს და წაახალისებს ინვესტიციების შემოდინებას რეგიონებში.

პროექტს განახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით) საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, მათ შორის, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებით, როგორიცაა: ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა, სოფლის მეურნეობის, განათლების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031