გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი აღკვეთა

26-12-2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი: 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ბ., 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ბ., 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ქ., 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჯ. და 1991 წელს დაბადებული უ.ე. თბილისში დააკავეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა - ვ.ბ.-მ შეიტყო, რომ მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის დისტრიბუტორს დიდი ოდენობით თანხა - ათეულობით ათასი ლარი სამსახურებრივი ავტომობილით უნდა გადაეტანა და თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალში ჩაებარებინა. ვ.ბ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, დისტრიბუტორზე ყაჩაღური თავდასხმა განიზრახა და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის ტერიტორია შეისწავლეს, იქვე მდებარე მშენებარე შენობაში 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნებთან ერთად, წინასწარ გადამალეს და დანაშაულის ჩასადენად ფუნქციები გადაინაწილეს.

ბრალდებულებმა განზრახვის აღსრულება მიმდინარე წლის 23 დეკემბერს დაგეგმეს, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების გამო, ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი დაჯგუფების ხუთივე წევრი „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და დაგეგმილი ყაჩაღური თავდასხმა აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ გადამალული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930