25-08-2020
სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელის, პეტრე მამრაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას რომ მოენდომებინა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მსოფლიოს თვალში მყისიერად "გააშავებდნენ" მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს.
მამრაძის თქმითვე, სიმართლეს არ შეესაბამება შეხედულება, თითქოს სააკაშვილს დასავლეთში "ფოიერვერკებით" ხვდებიან.
გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში კანცელარიის ყოფილმა ხელმძღვანელმა სააკაშვილის ამერიკელ სტუდენტებთან შეხვედრის ფრაგმენტი გაიხსენა.
"როცა ამერიკაში, ფლეთჩერის სკოლაში სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა, იმ ამერიკელ ადმირალს - სტავრიდისს, ვინც აღნიშნული სკოლის ხელმძღვანელია და რომელსაც მანამდე სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენი მიანიჭა, ამერიკელმა დიპლომატებმა "ნაძირალა" უწოდეს და ამის შესახებ დაწერეს კიდეც - არ შეიძლება სტუდენტებს შეახვედრო ისეთი ავანტიურისტი, რომელმაც თავის ხალხსა და ქვეყანას ამდენი უბედურება და ვნება მიაყენაო! ასე, რომ სააკაშვილს ფოიერვერკებით არ ხვდებიან, მაგრამ არსებობს ორი დიდი პრობლემა:
ერთია ლობისტური კომპანიები, რომლებსაც სააკაშვილი ბიუჯეტის ფულით კვებავდა და მათგან ზოგიერთს ძალიან სერიოზული ზეგავლენა აქვს და მეორეა დღევანდელი ხელისუფლების უნიათობა.
თუ ახალი ხელისუფლება მოინდომებდა, სააკაშვილს მსოფლიოს თვალში "გააშავებდნენ" და ასეთ კაცთან უკანასკნელი ნაძირალაც კი არ დაიჭერდა საქმეს, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს" - განაცხადა მამრაძემ.
P.S. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით