გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Log-in Georgia - მსოფლიო ბანკის პროექტის ციფრული სერვისების ხელშეწყობის კომპონენტს კომუნიკაციების კომისია განახორციელებს

1-09-2020

ციფრული სერვისების სწორი გამოყენება, დისტანციური სწავლებისა და ტელემედიცინის განვითარება, ციფრული საფინანსო სერვისებისა და ელექტრონული კომერციის ხელშეწყობა, ტურიზმის, მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის გაფართოება - ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ შესაძლებლობებისა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ციფრული ეკონომიკის განვითარებით მიიღებს. მსოფლიო ბანკის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტში მოსახლეობისთვის ციფრული სერვისების ხელშეწყობის კომპონენტს კომუნიკაციების კომისია განახორციელებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს 1000 სოფელს და 500 000 მოქალაქეს, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ფართოზოლოვან, მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდეს და ისარგებლოს ისეთი ციფრული სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, დისტანციური სწავლება, ელექტრონული მმართველობა და ა.შ.

კომუნიკაციების კომისია სამიზნე სასოფლო დასახლებებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობას ტრენინგებს ჩაუტარებს და განახორციელებს მიზნობრივი ინტერვენციების მხარდაჭერას დაუცველი ჯგუფებისთვის. კომუნიკაციების კომისია სპეციალური ტრენინგ-პროგრამებით დაეხმარება მოქალაქეებს, ტექნოლოგიების გამოყენებით, განივითარონ შესაბამისი ციფრული უნარ-ჩვევები და შეძლონ სახელმწიფოს სხვადასხვა ელექტრონული სერვისით სარგებლობა. ასევე, სამიზნე დასახლებულ პუნქტებში სპეციალური ღონისძიებები ქალების, ეთნიკური და სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ ინტერნეტითა და ციფრული სერვისებით სარგებლობის ხელშესაწყობად განხორციელდება. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შედეგად, სოფლის მოსახლეობა და რეგიონში მოქმედი საწარმოები უზრუნველყოფილი იქნებიან იმ თანაბარი შესაძლებლობებით, რითიც ქალაქის მოსახლეობა სარგებლობს.

გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიის მარეგულირებელი რეფორმებისა და პოლიტიკის მეშვეობით, ციფრული ეკონომიკის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, მოხდება სოფლების დაქსელვა, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ფართოხაზოვანი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. დარეგულირებული ფასები შესაძლებლობას მისცემს ინტერნეტპროვაიდერებს, სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს დაბალ ფასად მიაწოდონ მომსახურება, შედეგად კი, თითოეულ მოქალაქეს ექნება ყველა ის უპირატესობა, რაც თან სდევს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930