12-09-2020
ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ქეთევან მითაიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს საპატიმრო დაწესებულებაში საკუთარი შვილის წამების ფრაგმენტს იხსენებს.
ტელეწამყვანი ამ თემაზე გაზეთ "ყველა სიახლეს" ესაუბრა. ქეთევან მითაიშვილი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამერიკაში ცხოვრობდა, ინტერვიუში იხსენებს:
"პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე წერილი დავწერე: როგორც ვაჟების მამას, დაჩოქილი გევედრებით, გულთან მიიტანოთ ჩემი ტკივილი. თუკი მიიჩნევთ, რომ რამე დამსახურება მქონია ტელევიზიაში ჩემი 25-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, იქნებ ჩემი შვილის შესაწყალებლად გამოიყენოთ-მეთქი.
ნიუ-იორკში იყო ჩამოსული სააკაშვილი და მისთვის წერილის გადასაცემად ჩავედი ამ ქალაქში, შევხვდი, დამელაპარაკა, მკითხა, თქვენ ახლა ამერიკაში ცხოვრობთო? დაცვას მიეცი წერილიო. მეც გადავეცი, მაგრამ როგორც თქვენ არ წაგიკითხავთ ის წერილი, ისე - მას.
როდესაც ციხის შემაძრწუნებელი კადრები გავრცელდა, თბილისში დავრეკე, ვკიოდი, როგორ გადაურჩი შვილო ამ უბედურებას-მეთქი და მითხრა:
გათავისუფლებამდე 2 თვით ადრე ისე სასტიკად მცემეს, მინდოდა დამერეკა ყველასთვის და მოსულიყავით, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, იქიდან მკვდარს გამიტანდით, ამიტომ შევიკავე თავიო.
მომიყვა: შელაპარაკება მომიხდა ვიღაც "ნასედკა" დიმასთან, იმან გიორგისთან დამაბეზღაო. ამ ორ ადამიანს მიწიდან ამოვთხრი. დაუბარებიათ და დამუქრებიან, ხომ არ გინდა "დუბინკა" გაგთხაროთო. ამას უთქვამს, უპატრონო არ გეგონოთ, თქვენ თავს დავაჭერინებო. აბა ამას როგორ შეარჩენდნენ, ჯალათებმა ყელში ქამარი წაუჭირეს, ძირს ათრიეს, სახე და ხელები ჩექმებით დაუჩეხეს და გონების დაკარგვამდე სცემეს. შემდეგ ცივი წყალი დაასხეს და ზამთარში კარცერში ჩააგდეს, სადაც დასაფარებელიც არაფერი ჰქონდა. მითხრა, აზიდვებს ვაკეთებდი და დავრბოდი, რომ არ გავყინულიყავიო. ისიც მითხრა, "ბრიტვა" მქონდა ჩადებული, ვინმეს რამე რომ გაებედა ან მე მოვიკლავდი თავს, ან ვინმეს მოვკლავდიო" - იხსენებს ქეთევან მითაიშვილი.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით