გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი დაწყებული მნიშვნელოვანი საქმეა დასამთავრებელი

12-09-2020

მიუხედავად იმისა, რომ თიანეთში ბევრი რამ გაკეთდა, ჩვენი წარმატებები და ცხოვრება არ უნდა იზომებოდეს გზების, წყლის ან გაზის გაყვანის რაოდენობით, ჩვენი მიღწევები და ცხოვრება უნდა იზომებოდეს იმით, რამდენ ახალგაზრდას დავაბრუნებთ ამ კუთხეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თიანეთში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ერთნაირი სამართლიანი და თანაბარი პირობები.

„ჩემთვის დიდი პატივია მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში თქვენთან ერთად მომავალზე საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ თიანეთში ბევრი რამ გაკეთდა, ჩვენი წარმატებები და ცხოვრება არ უნდა იზომებოდეს გზების, წყლის ან გაზის გაყვანის რაოდენობით. ჩვენი მიღწევები და ცხოვრება უნდა იზომებოდეს იმით, რამდენ ახალგაზრდას დავაბრუნებთ ამ კუთხეში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისში, თიანეთში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ყველგან, ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ერთნაირი სამართლიანი და თანაბარი პირობები. სწორედ ამისთვის გვჭირდება ჩვენ რეფორმა განათლების სისტემაში, სწორედ ამისთვის გვჭირდებოდა ჩვენ, რომ თიანეთი ყოფილიყო მაღალმთიანი სტატუსის მატარებელი მუნიციპალიტეტი იმიტომ, რომ ამით ჩვენ შეგვძლებოდა დავხმარებოდით აქ მცხოვრებ ადამიანებს სოციალურად, სხვადასხვა კომუნალური გადასახადებით, ასევე ვინც ბიზნესს წამოიწყებდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული ყველა პრობლემის მოგვარება უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ამ კუთხეში დაბრუნდნენ ახალგაზრდები.

„თიანეთში გზები ნორმალურია, გასაკეთებელი გვაქვს შიდა გზები, მოსაწესრიგებელია წყალმომარაგება. ბევრი სოფელია, სადაც არის წყალმომარაგების პრობლემა. გაზიფიცირების პრობლემაც არის. ეს ყველაფერი დროის ამბავია. ამას ყველაფერს გავაკეთებთ ერთად. საბოლოო მიზანი ის უნდა იყოს, რომ აქ, ამ ულამაზეს, დიდი ისტორიის მქონე კუთხეში დავაბრუნოთ ახალგაზრდები. ახალგაზრდები აქ უნდა ცხოვრობდნენ, ვითარდებოდნენ, შრომობდნენ და ღირსეულად უნდა არჩენდნენ თავიანთ ოჯახებს. ეს არის ძირითადი მიზანი და ეს უნდა იყოს თქვენი მაჟორიტარის და ადგილობრივი ხელისუფლების ძირითადი მიზანიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ - მინისტრმა ისაუბრა იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გლეხი გაძლიერდეს, გახდეს ფერმერი და დაასაქმოს სხვა ადამიანები.

გარდა იმისა, რომ თიანეთი სრულად არის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი და ეს ბევრ შესაძლებლობას უხსნის აქ მცხოვრებ ადამიანებს, ყველა ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია - „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის დახმარების სხვადასხვა პროგრამა, იმისთვის, რომ თქვენ არ შეგშლოდათ ხელი და ყველა ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არ მოგიწიოთ თბილისში ჩასვლა, ეს ყველაფერი მოვიტანეთ თქვენთან, აქ, თიანეთში. აქ, შეგიძლიათ იუსტიციის სახლში, მომსახურების ცენტრებში ეს ყველა მომსახურება მიიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთაში, ადამიანი, რომელიც აქ ცხოვრობს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა, რომელიც მზად არის, პირველი ნაბიჯები გადადგას, წამოიწყოს თავისი საქმე, გლეხობიდან გახდეს ფერმერი, გაძლიერდეს და დაასაქმოს სხვა ადამიანები, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ეს პირობები თქვენ შეგიქმნათ და მერწმუნეთ, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ. არ არის მარტივი საქმე, რომ გარისკო, ჯერ შენზე და შემდეგ შენს ოჯახზე აიღო პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს არ შეჰყურებდე ხელებში და დაქირავებულად შრომა არ გინდოდეს და მერე ამ საქმეში გახდე წარმატებული. სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ ეს ყველაფერი მოაწესრიგოს, რომ ასეთ ადამიანებს, გამბედავ, მებრძოლ ადამიანებს ამის შესაძლებლობა ჰქონდეთ და ამის შესაძლებლობა თქვენ აქ, თიანეთში გაქვთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ - მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა, რომ სისტემური ინფრასტრუქტურა - გზა, წყალი, გაზი, სარწყავი წყალი იყოს სრულად მოწესრიგებული.

„ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი დაწყებული მნიშვნელოვანი საქმეა დასამთავრებელი. როგორც ვთქვით, გაზიც, სასმელი წყალიც მოსაგვარებელია და მიუხედავად იმისა, რომ მიღწევები არის, ეს ყველაფერი ერთად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ღვაწლმოსილი მოხუცების ჯანმრთელობა და სოციალური მომსახურეობა უნდა იყოს იგივე დონეზე, რა დონეზეც არის თბილისში.

„ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების გარეშე. ამიტომ არის, რომ დღეს, მთაში, 70 წელს გადაცილებული ადამიანი იღებს ყველაზე მეტ პენსიას. მათი ჯანმრთელობა და სოციალური მომსახურეობა უნდა იყოს იგივე დონეზე, რა დონეზეც არის თბილისში. ამისთვის, პირველადი ჯანდაცვის სისტემა, სტაციონარული სისტემაც უნდა იყოს წესრიგში. ეს ელემენტარული, საბაზისო მოთხოვნებია, რომ თიანეთი, როგორც მუნიციპალიტეტი, ყველა ადამიანისთვის იყოს კომფორტული საცხოვრებლად. ყველა იმ ახალგაზრდას, ვისაც აქ დარჩენა, ცხოვრება და მუშაობა უნდა, სახელმწიფოს ვალია, რომ შეუქმნას სამართლიანი და თანაბარი პირობები, იმისთვის, რომ ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი, განურჩევლად იმისა, თბილისში ცხოვრობს, რუსთავში, ბათუმში, თუ თიანეთში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიამ მაჟორიტარობის კანდიდატზე ისაუბრა და როგორც მან აღნიშნა, ის ღირსეული ხმა იქნება თიანეთელების, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

„ამის მისაღწევად, ჩვენ კიდევ ერთი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. ამის მისაღწევად, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ღირსეული ხმა იქნება თიანეთელების, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ამასთან ერთად, მთაში ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და ეს არ იქნება მარტო თიანეთის გამარჯვება, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ!“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930