14-09-2020
"ნებისმიერ საკითხს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეული ტიპის დარღვევებს, საჭიროებდეს რეაგირებას და ა.შ. კონკრეტული უწყების მხრიდან, აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ტვ. „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა ინიციატივა, რომ „ქცევის კოდექსთან“ დაკავშირებით გაფორმებულიყო მემორანდუმი.
„ეს არის მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის და მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი, როდესაც ასეთ ინიციატივას სთავაზობ პარტიებს და ჯგუფებს, რათა შეუერთდნენ ამ მემორანდუმს. ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პარტიებმა, თვითრეგულირების რეჟიმში, მოვახდინოთ ამ საკითხების მოწესრიგება. თუმცა, სამწუხაროდ, პარტიები ამ მემორანდუმს არ შემოუერთდნენ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია ითხოვდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, გენდერული კვოტირების საკითხებს, მეოთხე ტალღის ფარგლებში, „საერთო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელთაც მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ამ ცვლილებებს მიესალმნენ და ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდნენ მხარდაჭერისკენ - ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.
„ეს ადამიანები თვითაქტუალიზაციას ცდილობენ, ვინაიდან ჩვენი საზოგადოებისთვის მათ არ აქვთ შესათავაზებელი კონკრეტული დღის წესრიგი, ვინაიდან მათ არ აქვთ საზოგადოებაში ნდობა, აქედან გამომდინარე ისინი ცდილობენ სხვა საკითხების წამოწევას. ჩვენთვის ერთმნიშვნელოვანია და სწორედ, ამიტომ გვქონდა და გვაქვს პოლიტიკური ნება იმ ცვლილებების, რომელიც განვახორციელეთ საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც მაქსიმალურად პროპორციულ საარჩევნო მოდელთან დაახლოებულ სისტემას სთავაზობს საზოგადოებას, განვახორციელეთ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, სწორედ ჩვენ მოვაწერეთ ხელი პირველებმა ამ „ქცევის კოდექსს“. შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელია სიძულვილის ენა, ჩვენთვის მიუღებელია მუქარა, იძულება, დაშინება. ნებისმიერი ფაქტი, თუკი ეს იქნება შესაბამისი მტკიცებულების დონეზე გაჯერებული და შესაბამისი უწყების კომპეტენციის ფარგლებში, უნდა მოხდეს მასზე რეაგირება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.