გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პენიტენციური სამსახური "ტვ პირველს" სიცრუეში ადანაშაულებს

15-09-2020

სპეციალური პენიტენციური სამსახური ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გამოთქმულ, მათივე შეფასებით ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2020 წლის 13 სექტემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმად, რამდენიმე პატიმარს, მათ შორის გ. შემაზაშვილს არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. სიუჟეტში იყო ამონარიდი წერილიდან, სადაც შემაზაშვილი წერს, რომ მისი მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მძიმე იყო, თუმცა პენიტენციურ სამსახურში მანამ არ მიაქციეს ყურადღება, სანამ მეტალის ნივთები არ გადაყლაპა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, ვინაიდან მსჯავრდებულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ იმის გამო შეექმნა, რომ სხვადასხვა დროს იყენებდა თვითდაზიანებებს და ხშირ შემთხვევაში უარს ამბობდა სამედიცინო მომსახურებაზე. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულს მუდმივად უწევს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას (რაზეც მსჯავრდებული ხშირად ამბობს უარს), ასევე მას მრავალგზის განემარტა, რომ პერმანენტულად თვითდაზიანებების მიყენება და მკურნალობაზე უარის თქმა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას დაამძიმებდა.

მსჯავრდებული გ.შემაზაშვილი (დაბ. 1993 წ.) 2013 წლიდან სასჯელს იხდის საქართველოს სსკ 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 223-ე მუხლით (უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2020 წლის 13 მარტს მსჯავრდებული გაყვანილი იყო უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, მაგრამ საჭირო ოპერაციული მკურნალობა, რომელიც ჩაინიშნა 20 მარტისათვის, ვერ ჩატარდა იმის გამო, რომ შემაზაშვილმა 15 მარტს გადაყლაპა უცხო სხეული. იგი სასწრაფო წესით გადაიყვანეს სხვა სამოქალაქო კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა გამოკვლევები და მკურნალობა. მსჯავრდებულს ესაჭიროებოდა სტაციონარული მკურნალობის გაგრძელება, მაგრამ მან კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ხელწერილის საფუძველზე 23 მარტს დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილზე. გ. შემაზაშვილი არც დაწესებულებაში იტარებდა დანიშნულ მკურნალობას, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყო მოსალოდნელ შესაძლო გართულებებზე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მკურნალობის ჩასატარებლად საჭიროა მსჯავრდებულის თანხმობა, რაზეც გ. შემაზაშვილი სისტემატურად აცხადებდა უარს და 2 სექტემბერს მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა სამედიცინო მომსახურების მიღებას, რაც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. იგი იმავე დღეს სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდეც იგი არაერთხელ იყო მოთავსებული სამოქალაქო სექტორის კლინიკაში (მაგალითად, ბოლო პერიოდში, 2020 წლის აგვისტოში ოთხჯერ - 7 აგვისტოს, 12-დან 13 აგვისტომდე, 18-დან 27 აგვისტომდე პერიოდში, ასევე 31 აგვისტოს,) თუმცა ყოველთვის უარს აცხადებდა ჰოსპიტალიზაციაზე და ბრუნდებოდა სასჯელის მოხდის ადგილზე, ან ბოლომდე არ იტარებდა მკურნალობის კურსს და საკუთარი მოთხოვნით ეწერებოდა კლინიკიდან, მიუხედავად იმისა, რომ მედპერსონალმა არაერთგზის მიაწოდა ინფორმაცია შესაძლო გართულებების შესახებ. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეცნობა მის დედასაც. მხოლოდ აგვისტოსა და სექტემბერში ოთხჯერ (2020 წლის 11 აგვისტოს, 15 აგვისტოს, 29 აგვისტოს, 8 სექტემბერს) შედგა კომუნიკაცია მსჯავრდებულის დედასთან და განემარტა, რომ მსჯავრდებული უარს აცხადებდა მკურნალობის გაგრძელებაზე. მსჯავრდებულის დედას ეთხოვა, დაეთანხმებინა შვილი მკურნალობის დასრულებაზე, რათა მისი მდგომარეობა არ დამძიმებულიყო (თითოეულ ამ საუბარზე შედგენილია შესაბამისი აქტები).

ამჟამად მსჯავრდებული სამოქალაქო სექტორის კლინიკაში იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება"-ნატქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930