22-01-2025
„საერთაშორისო პარტნიორების შესაბამისი გამოხმაურებით და შეფასებებით არაერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ სებ-ი და ქართული ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ისა და სხვა შესაბამისი მხარეების მიერ რუსეთის ფედერაციის/ბელარუსის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ“, - ნათქვამია გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Capital Finance International-ის სტატიაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკას, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ეხება.
პუბლიკაციაში საუბარია ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ, ყოვლისმომცველ მარეგულირებელ და საზედამხედველო ჩარჩოზე, რომელიც ვირტუალური აქტივების სექტორში, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შეიქმნა. ჩარჩო დოკუმენტი, გასულ წელს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ღონისძიებების შეფასების საკითხებში ექსპერტთა კომიტეტმა (MONEYVAL) დადებითად შეაფასა.
„MONEYVAL-მა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. ამ შეფასებამ საქართველოს შესაბამისობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე-15 რეკომენდაციასთან "ნაწილობრივ შესაბამისიდან" „მნიშვნელოვნად შესაბამისამდე“ გააუმჯობესა, რითაც ის MONEYVAL-ის ევროპის საბჭოს წევრი მხოლოდ შვიდი სახელმწიფოდან ერთ-ერთი გახდა, ვინც ეს შეფასება მიიღო“, - აღნიშნულია სტატიაში.
Capital Finance International ყოველკვარტალური ჟურნალი და ონლაინ-რესურსია, რომელიც აქტიურად აშუქებს ბიზნესის, ეკონომიკის და ფინანსების საკითხებს. CFI.co 12 წლის წინ დაარსდა და მისი სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს. გამოცემის ბეჭდური ვერსია ვრცელდება ისეთ მსხვილ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორებიცაა დავოსის ეკონომიკური ფორუმი, OECD-ის კონფერენციები, დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრები (AIM), Opal Group-ის ინვესტორთა კონფერენციები, მსოფლიოს საინვესტიციო ფორუმი და სხვა.
CFI.co-ს ბეჭდურ გამოცემას ყოველკვარტალურად საშუალოდ 186 000 მკითხველი ეცნობა, ონლაინ კი ყოველთვიურად 410 000 ნახვა აქვს.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
13-01-2025