15-09-2020
სამცხე ჯავახეთის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. ახალი სასწავლო წლის დაწყებას პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
„ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო, მინდა მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება.
ვულოცავ პირველკლასელებს, პირველ ნაბიჯებს დგამთ სკოლაში და მინდა გისურვოთ დიდი განათლების მიღება ქვეყნის საკეთილდღოდ.
მინდა მივულოცო ჩვენს მომავალ თაობას, სტუდენტებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, გრძელი და საინტერესო გზის დაწყება. ჩვენს ქვეყანას განათლებული და ძლიერი ახალგაზრდები სჭირდება, ჩვენი ხვალინდელი დღე ხართ და მომავალი თქვენს ხელშია.
განსაკუთრებულად ვულოცავ ჩვენი რეგიონის მასწავლებლებს და მათ მოსწავლეებს.
სასწავლო წელი მოულოდნელობებით იყო სავსე, თუმცა პედაგოგებმა გამოწვევას თავი კარგად გაართვეს, რისი წყალობითაც მოსწავლეებმა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამები წარმატებით დაძლიეს. რეგიონის პედაგოგებს დიდი მადლობა დისტანციური სწავლების პროცესში გაწეული დაუღალავი შრომისთვის!
საქარველოს მთავრობა და განათლების სისტემა მზად არის როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად სასწავლო პროცესის დასაწყებად. მთელი ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ამისათვის ინტენსიურად მუშაობდა. სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განახლებისთვის, პანდემიის პირობებში სწავლის პროცესის უსაფრთხოდ დაწყებისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული საჯარო და კერძო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელიც!"-ნათქვამია მისალოც მიმართვაში.