გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია: საქართველოს ექნება პრეტენზია, იყოს გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა

16-09-2020

მოხარული ვარ, რომ საქართველო გახდა ტურიზმის სექტორის ყველაზე გამორჩეული, წარმომადგენლობითი შეხვედრის ადგილი და მსურს სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი მასპინძლობა. საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის საზღვრებს გარეთ, და სწორედ საქართველოში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნისას განაცხადა.

სხდომა, რომელსაც საქართველო მასპინძლობს კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში პირველი, უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა და ის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ქალაქ მადრიდში ტარდება, 2020 წელს კი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში, აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნებთან ერთად უდიდესი წვლილი მიუძღვნის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, რისთვისაც მას მადლობა გადაუხადა.

„ამ გადაწყვეტილების მიღებაში აღმასრულებელი საბჭოს წევრ ქვეყნებთან ერთად უდიდესი წვლილი მიუძღვნის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს, რისთვისაც მსურს მას პირადად მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებულად დასაფასებელია, დელეგაციების ასეთი წარმომადგენლობითი დასწრება მსოფლიოში არსებული შეზღუდული გადაადგილების პირობებში. დღესდღეობით, ტურიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ იმ სექტორს, რომელსაც პანდემიის გავრცელების გამო, მსოფლიო მასშტაბით უდიდესი ზიანი მიადგა. მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კრიზისულმა პერიოდმა, საქართველოში ტურიზმის სექტორი ასევე დააზიანა, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებით საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში და რაც მთავარია, ტურიზმის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის 8.1% გახდა. მხოლოდ 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურების რეკორდული, 9,4 მლნ ვიზიტორი მიიღო, რაც 3 700 000-იანი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, დიდი წარმატებაა,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, საქართველომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიდანვე ორი უმთავრესი მიზანი დაისახა - საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა და ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენა.

„აღსანიშნავია, რომ აქტიურად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში, რაც ხელს უწყობს როგორც ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას, ასევე, ტურიზმის სექტორის განვითარებას. გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას აქტიური კამპანიების განხორციელებითა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებით, ვზრუნავთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ქვეყანაში უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე, ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ხელშეწყობაზე, ვქმნით ახალ ტურისტულ პროდუქტებს და ხელს ვუწყობთ ახალი პირდაპირი ფრენების გამართვას, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრირებას გლობალურ ეკონომიკაში და ტურისტული ქსელის განვითარებას. ზემოაღნიშნული ღონისძიებებით და საკუთარი უნიკალურობით საქართველოს ტურიზმის სფერო არსებული კონკურენციის გამოწვევების თვალსაზრისით იქნება ერთ-ერთი ლიდერი და ექნება პრეტენზია, იყოს გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. საქართველომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიდანვე ორი უმთავრესი მიზანი დაისახა - საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვა და ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენა. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა და ექნება, სანამ გლობალურად ტურიზმის სექტორის აღდგენის ტენდენციები არ გაჩნდება, ჩვენ ტურიზმის სექტორს ვედექით გვერდით და დავუდგებით სხვადასხვა პროგრამებით, შეღავათიანი გადავადებებით საგადასახადო ვალდებულებების, თუ სხვა ინსტრუმენტებით,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930