17-09-2020
სადაზღვევო ბაზრის 6 თვის შედეგებით ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ინდუსტრიის ლიდერი ჯიპიაი ჰოლდინგია. საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად კომპანიამ ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელში 48, 219 მლნ. ლარი მოიზიდა და ამ მიმართულებით ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 29% უჭირავს. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, კომპანიამ ჯანმრთელობის ბაზარზე წილი 6%-ით გაზარდა. დაზღვეულებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა, კი 6 თვეში 19 673 111 ლარი შეადგინა.
ბესიკ ფესტვენიძე , ჯიპიაი ჰოლდინგის სამედიცინო დირექტორი : “ ამ პერიოდმა გვაჩვენა, რომ Covid-19-ის ფონზე ჯანმრთელობაზე ზრუნვა მომხმარებლებისთვის პრიორიტეტული რჩება და ბაზარზე ზრდას ამ ფაქტორმაც შეუწყო ხელი. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ პანდემიის მიუხედავად ჩვენი დაზღვეულები ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისებს სრულად და შეუფერხებლად იღებდნენ. ჯიპიაის ლიდერობას ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ის მრავალფეროვანი პროდუქტები განაპირობებს, რომელსაც კომპანია დაზღვევის მსურველებს სთავაზობს. გამოვყოფდი საცალო მიმართულებას, სადაც გვაქვს მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პაკეტები, როგორც საბაზისო თვეში 12-დან 40 ლარამდე, ასევე უფრო საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი პოლისები, რომლის პრემიაც თვეში 60-დან 150 ლარამდე მერყეობს. “
აღსანიშნავია, რომ ჯიპიაი ლიდერობს ჯანმრთელობის დაზღვევის როგორც კორპორატიულ, ისე საცალო ბაზარზე. 2020 წლის 6 თვის მონაცემებით, კომპანიის მიერ საცალო ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით მოზიდული პრემია 7 642 957 მლნ. ლარს შეადგენს და ბაზრის 65% უჭირავს.
ჯიპიაიმ კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის პორტფელიც მილიონ ნახევარი ლარით გაზარდა და 27%- ანი წილით ამ მიმართულებითაც ბაზრის ლიდერის პოზიციას იკავებს.
ბესიკ ფესტვენიძე , ჯიპიაი ჰოლდინგის სამედიცინო დირექტორი : „ კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით ჯიპიაის პროვაიდერი კლინიკების ფართო ქსელი ემსახურება, სადაც ჩვენს დაზღვეულებს მარტივად, ელექტრონული ბარათის საშუალებით შეუძლიათ მომსახურების მიღება. გამოიკვეთა, რომ მომხმარებლები განსაკუთრებულ უპირატესობას ჩვენი ციფრული სერვისების მოხმარებას ანიჭებენ, რაც მათ დამატებით კომფორტს და ოპერატიულ მომსახურებას უზრუნველყოფს. კორპორაციული პორტალი კი კომპანიების საშუალებას აძლევს, ონლაინ მართონ დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები.„
2020 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, ქართული სადაზღვევო ბაზრის 48%-ს ჯანმრთელობის დაზღვევა იკავებს. 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ჯანმრთელობის დაზღვევის წილი ბაზარზე 6%-ით გაიზარდა. კომპანიების მიერ მოზიდული პრემია კი 166 514 801 ლარს შეადგენს.