28-09-2020
კომპანია "ინტერნეიშნელ ბილდინგის" მთავარი ინჟინერის, მალხაზ ოსაძის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ციხეში შეყრილი ბიზნესმენების ქონებას "ნაციონალების" ცნობადი სახეები არაადამიანური ზეწოლისა და ტერორის შედეგად იფორმებდნენ.
ოსაძის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში გააკეთა, თუ ბიზნესმენი ქონების გადაფორმებაზე უარს ამბობდა, მას ტუბერკულიოზითა და შიდსით ხელოვნურად დაავადებით ემუქრებოდნენ. ხოლო თუ ბიზნესმენის მხრიდან ამის შემდეგაც უარი იქნებოდა, საქმეში წამება და გაუპატიურების მუქარა ერთვებოდა.
"ეს თავის თავზე გადაიტანა ჩვენმა ხუთმა თანამშრომელმა, რომლებიც უდანაშაულოდ დაიჭირეს და მძევლებად ჰყავდათ" - აცხადებს ოსაძე.
სხვათა შორის,"ინტერნეიშნელ ბილდინგი" არის კომპანია, რომელმაც გლდანის ციხე ააშენა. (რედ.)
ბიზნესმენის ინტერვიუდან: "ყველას კარგად ახსოვს, როგორ გაანადგურა ხელისუფლებამ ქიბარ ხალვაშის მიერ შექმნილი კომპანიები "არტი" და "ბილდინგ კომპანი", "პრიზა" და "ლილო".
ერთ დღეში მოსპეს ხუთი ათასი სამუშაო ადგილი. მახსოვს, დავების საბჭოს სხდომაზე, როცა უსუსურ და ყალბ ბრალდებებს ვუსმენდი, იმჟამინდელ ფინანსთა მინისტრ ნიკა გილაურს ვუთხარი, არა გრცხვენიათ, ასეთ საქმეს როგორ აკეთებთ-მეთქი და რა მიპასუხა იცით? - რა ვქნა ბატონო, სამსახური მაქვს პროჭული და მეც პროჭივით ვიქცევიო. ძალიან ბევრ ინტერვიუში ვთქვი უკვე, რომ იმ პერიოდში ჩვენთან მოლაპარაკება ხელისუფლების მხრიდან ჯერ დათა ახალაიამ დაიწყო, საერთოდ რა ეკითხებოდა ამ კაცს, არ ვიცი, მერე კი ბაჩო ახალაიამ განაგრძო. ბაჩო მეუბნებოდა, ხელისუფლებას შერიგება უნდა და მოგვეცით "ბილდინგ კომპანია" და დანარჩენ კომპანიებს აღარ წაგართმევთო. არ იცით, როგორ გვევაჭრებოდნენ ჩვენი დაკავებული თანამშრომლებით, თითოეული მათგანის გათავისუფლებაში ქონების წილებს ითხოვდნენ. ბოლოს და ბოლოს მოლაპარაკება შედგა, მძევლები გაათავისუფლეს, "არტს" და "პრიზას" ყადაღა ახსნეს. ცოტა ხანში გამომიძახეს ისევ ბაჩო ახალაიასთან, რომელმაც მთხოვა, ქვეყანაში ქიბარ ხალვაში ჩამომეყვანა. კატეგორიული უარი ვუთხარი. ბაჩო დამემუქრა, მაშინ ნახავთ, რაც დაგემართებათო. მუქარა მალე აასრულეს - ორი დღის შემდეგ "არტის" საწყობები დაწვეს" - იხსენებს ბიზნესმენი.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით