გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან იწყება და 2 წელი გაგრძელდება

7-10-2020

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება, რომელიც, დაახლოებით, ორი წელი გაგრძელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ გვქონდა პროექტის პრეზენტაცია, თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი სამუშაოების დასრულების შემდეგ. 19 ოქტომბერს პარკის მოწყობის სამუშაოები იწყება, რომელიც, დაახლოებით, ორი წელი გაგრძელდება. ჩვენ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ და რა ფორმით ჩატარდება სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ფონდი „ქართუ“ პროექტის სახით ცენტრალური პარკის მშენებლობას განახორციელებს, რაც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვნილს ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის, რომელიც ქალაქს გაუკეთეს. ყველაზე მეტად რეკრეაციული სივრცეები, პარკები და სკვერები გვჭირდება. ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ჩვენ ამ ტენდენციას განვაგრძობთ, იმისთვის, რომ თბილისი იყოს ყველაზე მწვანე, ეკოლოგიურად მოწესრიგებული ქალაქი, სადაც მოქალაქეებს ჰაერის დაბინძურების შედეგად, ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური, იაპონური და ფრანგული ბაღები, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტისა და კვების ზონები. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, ქუჩის კალათბურთის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930