29-10-2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო.
„ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ ინიციატივის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებული ID ბარათებით ისარგებლონ. ამერიკულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბარათების დამზადება უკვე დაწყებულია.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სიახლე და ახალი ბარათის უპირატესობები საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ყოლბაიამ გააცნო.
როგორც თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული, ახალი დიზაინის ID ბარათი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და წინა ბარათთან შედარებით უფრო დაცულია. გარდა ამისა, ახალი ID ბარათები ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებს სხვადასხვა სექტორსა და დაწესებულებაში, შეღავათებითა და ფასდაკლებებით სარგებლობის საშუალებას მისცემს. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტრო განათლების, საბანკო, გამომცემლობის, სავაჭრო, სპორტის და სხვა სფეროებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და კერძო სექტორთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაქსიმალურად შეღავათიანი პირობების შეთავაზებას ითვალისწინებს.