30-10-2020
ხვალ, 31 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის წარსულში დაბრუნებას. წარსულში - უუფლებობის, ძალადობის, ფეხქვეშ გათელილი ღირსების და ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ინტერესების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გლდანის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს არის საარჩევნო კამპანიის ბოლო დღე. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების დაკვეთაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა.
„ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ეს არის საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენი ვალდებულებაა, გავაგრძელოთ ზრუნვა, პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე, მათ, ვისაც ჩვენი მხრიდან ზრუნვა ყველაზე უფრო სჭირდება, რა თქმა უნდა, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებსა და პენსიონერებზე. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც შეძლო და საკანონმდებლო დონეზე დაადასტურა, რომ ყოველწლიურად ჩვენს პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ და ეს ვერ გახდება საარჩევნო სპეკულირების, პოლიტიკური სპეკულირების საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ ჩვენს ბავშვებზე, ბავშვებზე, რომელთა ჯანმრთელობა, განათლება, მათი სოციალური მდგომარეობა სულ კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშეა და ჩვენ ეს ზრუნვა ყოველდღე უნდა გამოვავლინოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენს დევნილებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია და 2013 წლიდან დღემდე ჩვენ დევნილებს გადავეცით 24 ათასზე მეტი საცხოვრებელი. ჩვენ უკვე გეგმაში გვაქვს, შემდგომი 4 წლის განმავლობაში კიდევ გადავცეთ 13 ათასი საცხოვრებელი, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, პირველ რიგში ვიზრუნოთ მშობლიურ სახლებში მათ დაბრუნებაზე. გონივრულად, მშვიდად, მშვიდობიანად, მაგრამ მათი დაბრუნებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ძლიერ საჯარო მოხელეზე. ჩვენ არ უნდა შეგვრცხვეს და არ უნდა მოგვერიდოს ვთქვათ, რომ სახელმწიფო დგას ეფექტურ და კეთილსინდისიერ პოლიციელზე და ჯარისკაცზე, მასწავლებელზე და ექიმზე და მაშინ, როდესაც ჩვენ ამის შესაძლებლობა გვექნება, ჩვენ ყოველთვის დავუდგებით მათ გვერდით, როგორც სოციალური დახმარებებით, ისე ყველა იმ საშუალებით, რომლითაც სახელმწიფო მათ გვერდით უნდა დაუდგეს. ეს არის ის ხალხი, რომელზეც დგას საქართველოს ხვალინდელი დღე,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, გაგრძელდება დასავლეთისკენ სვლა და 2024 წელს საქართველო გეგმავს, გააკეთოს განაცხადი სრულფასოვან წევრობაზე ევროპის დიდ ოჯახში.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ბიზნესს. ჩვენ გავაგრძელებთ და მივეხმარებით ჩვენს გლეხს, რომ ის გახდეს ძლიერი ფერმერი, შეძლოს დაასაქმოს თავისი ოჯახი, მეზობელი, ახლობელი და გახდეს დამსაქმებელი, ღირსეულად იშრომოს და ღირსეულად არჩინოთ თავისი ოჯახი. რა თქმა უნდა, თანაბარი პირობები ბიზნესის ყველა წარმომადგენლისთვის, რა თქმა უნდა, დაცული საკუთრების უფლება. ეს ის პირობებია, რომლის გარეშეც განვითარებული ევროპული ქვეყანა შეუძლებელია. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ პრიორიტეტულად დასავლეთისკენ სვლას. ევროპული ინტეგრაცია და ის მიღწევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს - თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, თავისუფალი სავიზო რეჟიმი - ეს ყველაფერი არის გარდამავალი ეტაპი იმ დიდი ნაბიჯისთვის, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ წესრიგში გვაქვს მოსაყვანი. მინდა გითხრათ, რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში მოახდინა 23 მილიარდი ლარის ინვესტირება. დღეს ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, 20 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტირებას გავაკეთებთ, ორჯერ მეტს. ეს არის კეთილმოწყობილი გზები, სკოლები, წყალმომარაგება, გაზმომარაგება და ა.შ. მე მინდა გითხრათ, რომ ამ გეგმის მიხედვით, 2024 წლისთვის, საქართველოს მოსახლეობის 77 პროცენტს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, რომელიც სამწუხაროდ, დღეს კიდევ არის ჩვენი სერიოზული გამოწვევა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, სულ ახლახანს, მთავრობაზე დავამტკიცეთ პროგრამა, დამატებით, 2021-2024 წლის გაზიფიცირების და 2024 წელს, სრულად დასრულდება ქვეყნის გაზიფიცირება. ეს იქნება პროცენტულად ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. სისტემური ინფრასტრუქტურა, რომელზეც ჩვენ პრიორიტეტულად გავაგრძელებთ მუშაობას, საჭიროა ქვეყნის მთავარი მიზნის მისაღწევად - თანაბარი პირობები ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი, ეს იქნება თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, თელავი, ახალქალაქი, თუ ახალციხე. ჩვენ უნდა შევუქმნათ თანაბარი პირობები ყველა მოქალაქეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ევროპული. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია ერთი ძირითადი მიზნისკენ - რაც შეიძლება სწრაფად და ახლოს იყოს ჩვენი სტანდარტები ევროპულ სტანდარტებთან. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელმაც ჩვენ უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, ხორცი შევასხათ ჩვენი ქვეყნის ასწლეულების ყველაზე დიდ ოცნებას და გავაკეთოთ 2024 წელს განაცხადი, სრულფასოვან წევრობაზე ევროპის დიდ ოჯახში. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ვშრომობთ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, გარდა იმისა, რომ იგრძნოს ეს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე მიიღოს ამ დიდ და ღირსეულ პროცესში მონაწილეობა. ჩემო ძვირფასებო! არჩევნებამდე დარჩა სულ რამდენიმე საათი. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მიაღწევს ღირსეულ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში, გამარჯვებას გისურვებთ!,“- განაცხადა პრემიერმა.